21 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ შეხვედრა გამართა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან და ეროვნული უმცირესობების იმ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიმდინარე რეფორმებით.

ახალქალაქში გამართულ შეხვედრაზე ზვიად გაბისონიამ რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათ შორის, ქართული ენის სწავლების „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ზვიად გაბისონიას განცხადებით, „1+4“ პროგრამა გაგრძელდება და აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა ქართული ენის ცოდნის გასაღრმავებლად და საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მამანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს Facebook-გვერდზე.