ახალ პასპორტს პრობლემა აღმოაჩნდა. როგორც “რადიო თავისუფლებამ” დაწერა, მათ ვინც თებერვალში აიღო განახლებული პასპორტები, დღეს და გუშინ სერვისების განვითარების სააგენტოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ დოკუმენტი შესაცვლელია. რა წუნი აქვს განახლებულ დოკუმენტს, მათთვის არ უთქვამთ.

სერვისების განვითარების სააგენტოში Bm.ge-ს უთხრეს, რომ ეს ქმედება დოკუმენტების მონიტორინგს ეხებოდა.

“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სტანდარტული სამუშაო პროცესის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს მის მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს.

იმ შემთხვევაში, თუ პროცესში ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო უკავშირდება ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ასევე მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა.

აღნიშნული პრაქტიკა სრულად შეესაბამება დოკუმენტების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის შემადგენელ ნაწილს. მოცემული მიდგომა მიზნად ისახავს სერვისის მიწოდების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის სანდო, მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას”, – მოგვწერეს სერვისების განვითარების სააგენტოდან.