შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში სხვადასხვა დროს დააკავეს სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალებები.
„დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად პოლიციამ მტკიცებულებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები, მათ შორის – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირე კალიბრის თოფი, 100-მდე ვაზნა, მაჩეტე და ხელყუმბარა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.