აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც დონალდ ტრამპის ტარიფების უდიდესი ნაწილი გაუქმდა, აშშ-ის პრეზიდენტმა პარასკევს საღამოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან ხელი მოაწერა 10%-იან გლობალურ ტარიფს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ოვალური კაბინეტიდან ახლახან მოვაწერე ხელი ყველა ქვეყნისთვის გლობალურ 10%-იან ტარიფს, რომელიც თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედდება“, – დაწერა პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ის 10%-იან გლობალურ ტარიფს 122-ე მუხლის სახელით ცნობილი სავაჭრო კანონის შესაბამისად აამოქმედებდა. თუმცა, კონგრესის მიერ ვადის გაგრძელების გარეშე, ეს ტარიფები მხოლოდ 150 დღის განმავლობაში შეიძლება იყოს ძალაში.

თეთრი სახლის თანახმად, ტარიფები ძალაში 24 თებერვლიდან შევა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებმაც ადრე მიაღწიეს სავაჭრო შეთანხმებებს აშშ-სთან, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი და ევროკავშირი, ახლა 122-ე მუხლის შესაბამისად გლობალური 10%-იანი ტარიფის წინაშე დგანან, იმ ტარიფის ნაცვლად, რომელიც ადრე იყო მოლაპარაკებული.

აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA), რომელსაც პრეზიდენტი ეყრდნობოდა, მას იმპორტზე გადასახადების თვითნებურად დაწესების უფლებას არ აძლევდა. გაუქმებული ტარიფების სიაში მოხვდა თითქმის ყველა ის ტარიფი, რომელიც ტრამპმა თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ დააწესა, მათ შორის გლობალური “საპასუხო ტარიფები” და ანტინარკოტიკული ტარიფები მექსიკის, კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ. კონგრესის თანხმობის გარეშე ტარიფების ცალმხრივი დაწესების წინააღმდეგ 6-3 ხმით მიღებული გადაწყვეტილება ტრამპის მხრიდან „სირცხვილად“ შეფასდა. ტრამპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც პირობა დადო, რომ ტარიფებს ძალაში შეინარჩუნებდა განსხვავებული კანონის გამოყენებით.

წყარო bm.ge