18 თებერვალს, ახალქალაქის ყოფილ «მე-15 დასახლებაში», ძლიერმა ქარმა აღმაშენებლის ქუჩის N20 კორპუსის სახურავის ნაწილი ახადა. მაცხოვრებლებმა უკვე დაიწყეს სახურავის აღდგენა და აგროვებენ ხელმოწერებს მერიაში მიმართვისთვის, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.
17 და 18 თებერვალს ახალქალაქში ძლიერი ქარი იყო, რამაც ჰაერში მტვერი და ნაგავი აიტაცა. 18 თებერვალს, სტიქიის შედეგად, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი მოძვრა. ალუმინის საფარი და ლურსმნებიანი ფიცრები სახლთან ახლოს დაეცა და შენობის ეზოში გაჩერებული ავტომობილის მინა ჩაამსხვრია. არავინ დაშავებულა, რადგან იმ მომენტში ახლოს არავინ იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. N20 კორპუსის ეზო პოლიციის ლენტით იყო შემოსაზღვრული.
ქარისგან აგლეჯილი სახურავის გამო, კორპუსის სადარბაზოში ქვიშა და ქვები ჩაიყარა. მაცხოვრებლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ სახლის სახურავი ღია დარჩა, მომდევნო დღეს კი მოსალოდნელი იყო უამინდობა და თოვლი.
მეორე დღეს, 19 თებერვალს, მართლაც მოთოვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა სრულფასოვანი სახურავის გარეშე დარჩენილ მაცხოვრებლებს. მე-19 ბინის ერთ-ერთი ოთახის ჭერი დანესტიანდა.
მაცხოვრებლები უკვე ორი დღეა სახურავს აღადგენენ და ხელმოწერებს აგროვებენ განცხადებაზე, რათა მერიამ უამინდობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაში დახმარება შეძლოს.
„ჩვენ თვითონ ვხურავთ სახურავს, რადგან დახმარების გაწევა შეიძლება ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. არ გვინდა სიტუაცია დავამძიმოთ და ზარალი გავზარდოთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მაცხოვრებელმა.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი „მე-15 დასახლების“ მრავალბინიანი კორპუსები მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება, ახალქალაქის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებს ფინანსური დახმარება გაუწიოს, რაც სამშენებლო მასალების ხარჯებს დაფარავს.