საქართველოში ჩამოყალიბდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა EMT-1 საველე სიმულაციური სწავლება ჯგუფის მზადყოფნის შესაფასებლად.
„სწავლების მთავარი მიზანი იყო რეაგირების სიჩქარის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტურობის შემოწმება.
სცენარები მოიცავდა მასშტაბური კატასტროფების, მათ შორის წყალდიდობების, მიწისძვრების, მეწყერებისა და ტექნოგენური ავარიების პირობებს. განხორციელდა დაშავებულთა სორტირება (ტრიაჟი), გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და პაციენტების ტრანსპორტირება.
საგანგებო სიტუაციების დროს, საველე პირობებში, ჯგუფი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფში შედიან: ექიმები, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ექთნები, ლოგისტიკისა და ტექნიკური მომსახურების პერსონალი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე დაუყოვნებლივ იწყებენ საველე ჰოსპიტლის მოწყობას და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის მიღებას.“
მინისტრის თქმით, აღნიშნული ჯგუფის არსებობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის მზადყოფნას სხვადასხვა სახის კრიზისებზე ოპერატიული რეაგირებისთვის. მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების ჯგუფს მაღალი პროფესიონალიზმისა და ყოველდღიური თავდადებისთვის და აღნიშნა, რომ მათ მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საგანგებო სიტუაციების, ისე ყოველდღიური სამედიცინო გამოწვევების მართვის საქმეში.
პროექტი ხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. შემოწმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, EMT-1 ჯგუფი მიიღებს საერთაშორისო კლასიფიკაციას, რაც მას გლობალურ დონეზე ოპერირების საშუალებას მისცემს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.