ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2026 წლის პრიორიტეტული სამუშაოების შესარჩევი შეხვედრები მიმდინარეობს. სოფლების – აზავრეთის, ბურნაშეთის, გოდოლარისა და ლომატურცხის მცხოვრებლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს: თანხები კლუბის რეაბილიტაციას, გათბობის სისტემის მოწყობას, გარე განათებასა და სასაფლაოს შემოღობვას მოხმარდება. ამასთან, სოფლების უმრავლესობაში პრიორიტეტების შერჩევის პროცესში მოსახლეობის აქტივობა დაბალი აღმოჩნდა, შეხვედრებს კი ქალები საერთოდ არ ესწრებოდნენ.
18 თებერვალს, ადგილობრივი თვითმმართველობის საკოორდინაციო ჯგუფთან ერთად, Jnews-ის კორესპონდენტი სოფლებში — აზავრეთში, ბურნაშეთში, ღადოლარსა და ლომატურცხში იმყოფებოდა.
აზავრეთი: არჩევანი კლუბის რეაბილიტაციის სასარგებლოდ
პირველი შეხვედრა სოფელ აზავრეთში გაიმართა. სხვა სოფლებთან შედარებით, აქ ყველაზე მეტი ადამიანი მოვიდა. გამოითქვა წინადადებები პირუტყვისთვის სასმელი წყლის გუბურების (სარწყულებლის) მოწყობის, ასევე სარიტუალო სახლის რეაბილიტაციის შესახებ, რომელიც რეალურად კულტურის სახლის ფუნქციას ასრულებს.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მნაცაკან პამბუხჩიანმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია ერთი პროექტის შერჩევა, რათა ის ბოლომდე განხორციელდეს და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელობას.
„თქვენ, სოფლის მცხოვრებლებმა, უნდა გააკონტროლოთ, რომ სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად და დასრულდეს. მთავარია შეირჩეს ისეთი პროექტი, რომლის განხორციელებაც გამოყოფილი სახსრებით რეალურია“, — განმარტა მან.
ზოგიერთმა მცხოვრებმა ეჭვი გამოთქვა, რომ სოფლისთვის გამოყოფილი თანხით შენობის სრული რეაბილიტაცია მოხერხდებოდა. ახალქალაქის მერიის წარმომადგენელმა, არტურ დავთიანმა განმარტა, რომ ზუსტი ღირებულება მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა აზავრეთის ოლქიდან, სიპან შიპაქციანმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მერიას შეუძლია დაფინანსება საწყისი თანხის 200%-მდე გაზარდოს, რათა სამუშაოები დასრულდეს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას გზის ასფალტირებისთვის, რამაც სოფლის მცხოვრებთა ყოფა გააუმჯობესა.
მცხოვრებლებმა დადებითად შეაფასეს ახალი გზა, თუმცა სოფლის სხვა პრობლემებზეც მიუთითეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდნენ.
საბოლოოდ, სოფლის მოსახლეობამ არჩევანი სარიტუალო სახლის (კლუბის) რეაბილიტაციაზე შეაჩერა. დაგეგმილია იატაკის, ჭერისა და სამზარეულოს განახლება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით (სმპ) სოფელ აზავრეთისთვის გამოყოფილი თანხა 20 000 ლარს შეადგენს.
ბურნაშეთი: გათბობა კლუბისთვის
სოფელ ბურნაშეთში სმპ-ის სახსრების მიმართვა სოფლის კლუბში გათბობის სისტემის მოწყობაზე გადაწყვიტეს. გამოყოფილი თანხა 16 000 ლარია.
ღადოდოლარი: გარე განათების დასრულება
სოფელ გოდოლარში მცხოვრებლებმა გარე განათების დამონტაჟების დასრულება გადაწყვიტეს — განათება იმ ქუჩებზე მოეწყობა, სადაც ის ჯერ კიდევ არ არის. სოფლისთვის სმპ-ით გათვალისწინებული თანხა 16 000 ლარს შეადგენს.
თუ გამოყოფილი სახსრებით 10 განათების ბოძის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მთელი სოფლის გასანათებლად 15 ბოძია საჭირო, ადგილობრივ ბიუჯეტს შეუძლია დაამატოს აკლებული თანხა“, — აღნიშნა მნაცაკან პამბუხჩიანმა.
ერთ-ერთმა მცხოვრებმა წამოაყენა წინადადება, რომ ბოძების დამონტაჟება არა ცენტრიდან, არამედ სოფლის განაპირა ნაწილიდან დაიწყოს.
ლომატურცხი: სასაფლაოს შემოღობვა
სოფელ ლომატურცხში მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს პროგრამის თანხები სოფლის სასაფლაოს შემოღობვაზე მიმართონ. მათი თქმით, ღობის სიგრძე 300 მეტრს აჭარბებს. გადაწყდა, რომ თუ პროექტის შედგენის შემდეგ დარჩება დაუსრულებელი მონაკვეთი (დაახლოებით 20 მეტრი), ადგილობრივი ბიუჯეტი სამუშაოების დასასრულებლად თანხას დაამატებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით (სმპ) სოფელ ლომატურცხისთვის გამოყოფილი თანხა 12 000 ლარს შეადგენს.
დაბალი აქტივობა და ქალების არყოფნა
შეხვედრები ქუჩაში იმართებოდა. აზავრეთის გარდა, სხვა სოფლებში მონაწილეობა 10-დან 20-მდე ადამიანმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ არცერთ სოფელში შეხვედრებს ქალები არ ესწრებოდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტების შესარჩევი შეხვედრები 16 თებერვალს დაიწყო და 25 თებერვლამდე გასტანს. მუნიციპალიტეტის 64 სოფელში წელს, ძირითადად, თითო პროექტს ირჩევენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ 922 000 ლარი გამოიყოფა. თითოეული სოფელი იღებს გარკვეულ თანხას, მოსახლეობა კი შეხვედრებზე თავად წყვეტს, რას მოახმაროს ის. მინიმალური თანხა 10 000 ლარია, მაქსიმალური კი — 20 000 ლარი; დაფინანსების ოდენობა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდება. გამონაკლისი იყო 2017–2018 წლები, როდესაც მისი მოქმედება დროებით შეჩერებული იყო.