ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახალქალაქში ბიზნეს აბონენტებისთვის წყალმომარაგების შემოწმებას ატარებს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ახალქალაქში ამ პროცესმა ბიზნესის წარმომადგენლებში კითხვებისა და უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. Jnews-მა კომპანიას შეკითხვები გაუგზავნა. აქ მოცემულია კომპანიის პასუხები ამ კითხვებზე.

რომელი შეერთება ითვლება უკანონოდ?

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.

შემოწმებები სისტემატურ (მუდმივ) ხასიათს არის თუ არა?
კომპანიის სამოქმედო არეალის მასშტაბით, პერიოდულად მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო აბონენტების შემოწმება. შესაბამისად, ქალაქ ახალქალაქშიც ეტაპობრივად განხორციელდება აღნიშნული პროცედურები.

რა სანქციებია გათვალისწინებული წყალმომარაგების სისტემაზე უკანონო მიერთების შემთხვევაში?

სასმელი წყლის მიწოდების, წყალარინების ქსელით სარგებლობის წესები (მათ შორის სასმელი წყლის უკანონო მოხმარება/წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა და მათი აღკვეთის საშუალებები), ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესასრულებელი მოქმედებები, მასთან დაკავშირებული საკითხები და პასუხისმგებლობის ზომები რეგულირდება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

იგეგმება თუ არა ახალქალაქში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტები?

ამ ეტაპისთვის ქალაქ ახალქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი მომზადებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიება პროექტის განსახორციელებლად.

ახალქალაქში არის ქუჩები, რომლებიც არ არის მიერთებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემასთან. რა ზომებს იღებს კომპანია ამ ქუჩების მაცხოვრებლების წყალმომარაგების საერთო ქსელთან დასაკავშირებლად?

კომპანიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაზე დაერთება ხორციელდება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №43/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადის შევსებული ფორმის წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული წესების დაცვით განცხადების წარმოდგენის შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანია განახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაზე დაერთებისათვის აუცილებელ ღონისძიებებს.

ახალქალაქში წყლის წნევა ზაფხულსა და ზამთარში მცირდება, განსაკუთრებით მაღალსართულიან შენობებში. რას აკეთებს კომპანია ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

ახალქალაქის წყალმომარაგება ხორციელდება დადგენილი რეჟიმის შესაბამისად, დასაშვები წნევით, ხოლო ვინაიდან, ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მიერ ხდება სასმელი წყლის არამიზნობრივი უყაირათო მოხმარება, აღნიშნული იწვევს წყალმომარაგების სისტემაში წნევების ცვალებადობას. მომხმარებლების მიერ სასმელი წყლის არამიზნობრივად გამოყენების აღკვეთის მიზნით, კომპანია უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მოსახლეობის გამრიცხველიანების სამუშაოებს კომპანიის სამოქმედო არეალის მასშტაბით.

ვინ აკონტროლებს სასმელი წყლის ხარისხს და რა სიხშირით ტარდება უსაფრთხოების შემოწმებები?

ახალქალაქში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლთან, აბლარის სათავე ნაგებობის შემოწმებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ პარამეტრებთან სასმელი წყლის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია, დამტკიცებული სამუშაო პროგრამებით, წინასწარ დადგენილი პერიოდულობით, ახორციელებს წყლის ხარისხის კონტროლს ნედლი წყლის მოპოვებიდან მომხმარებლის წითელ ხაზამდე. სასმელი წყლის მონიტორინგი ტარდება როგორც სათავე ნაგებობებზე, ასევე გამანაწილებელ ქსელში. ლაბორატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფენ კომპანიის ოპერირების ფარგლებში არსებული ობიექტების საგამოცდო ლაბორატორიები, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ახალქალაქის სერვის ცენტრისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ლაბორატორიები. დადგენილი პერიოდულობით ხორციელდება სასმელი წყლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა თბილისის აკრედიტებულ წყლის საგამოცდო ლაბორატორიაში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ ხორციელდება სასმელი წყლის სინჯების აღება და კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში. დამატებით გაცნობებთ, რომ მუდმივ რეჟიმში ხორციელდება ნარჩენი ქლორის რაოდენობის კონტროლი. ასევე, კომპანია ახორციელებს არსებული სათავე ნაგებობების გეგმიურ ინსპექტირებას შესაბამისობის შეფასების მიზნით, მათ შორის კომპანიის მიერ მუდმივ რეჟიმში კონტროლდება აბლარის სათავე ნაგებობის სანიტარული ზონის უსაფრთხოება და ჰიგიენური მდგომარეობა.

რა ტარიფები ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო (კანონიერ) მომხმარებლებზე?

ქალაქ ახალქალაქში აბონენტებისათვის მოქმედებს „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების შესაბამისად, ზღვრული ტარიფის ფარგლებში, დამტკიცებული
ტარიფები:
1. საყოფაცხოვრებო სულადობრივი მომხმარებლისთვის წყალი – 0,25 ლარი, წყალარინება – 0,001
ლარი;
2. საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი მომხმარებლისთვის წყალი – 0,419 ლარი, წყალარინება – 0,08
ლარი;
3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალი – 3,375 ლარი, წყალარინება – 0,932 ლარი.
დამტკიცებული ტარიფები მოიცავს დღგ-ს.

ვინაიდან „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ჩატარებულმა შემოწმებებმა და მრიცხველების შეერთებებმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან მრავალი კითხვა და შეშფოთება გააჩინა, Jnews ცდილობს ყველა კითხვაზე პასუხის პოვნას და ამ თემაზე სხვა მასალებსაც გამოაქვეყნებს.