ახალქალაქსა და სოფლებში ნისიად ვაჭრობა მიღებული პრაქტიკაა. მაშინაც კი, თუ საერთოდ არ გაქვთ ფული, ახალქალაქში მშიერი არასოდეს დარჩებით, რადგან ნისიად შეგიძლიათ იყიდოთ ყველაფერი – დაწყებული საკვები პროდუქტებიდან, დასრულებული ტანსაცმლით. Jnews მცირე ბიზნესის მფლობელებს ესაუბრა, რათა გაერკვია, თუ რა გავლენას ახდენს ნისიად ვაჭრობა ბიზნესის განვითარებაზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი და თანხას მხოლოდ წლის გარკვეულ პერიოდში იღებს. როგორც წესი, ეს ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვისას, ან იმ შემთხვევებში, როდესაც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ახლობელი სახლში ბრუნდება და ოჯახს ფინანსურად ეხმარება.
წლის დანარჩენ თვეებში ადამიანები ფინანსურ პრობლემებს აწყდებიან. ყოველდღიური საჭიროების ნივთები — საკვები თუ საყოფაცხოვრებო საქონელი — ნისიად იძინება (განსაკუთრებით ეს ტენდენცია რამდენიმე წლის წინ შეიმჩნეოდა). ასეთ პირობებში ნისიად ვაჭრობა გადარჩენის საშუალებად იქცევა.
მცირე მაღაზიები და გამყიდველები ხშირად იძულებულნი არიან, ფინანსური შუამავლების როლი შეასრულონ. ვინაიდან სოფლები პატარაა და ყველა იცნობს ერთმანეთს, ნისიად გაყიდვა ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული. თუმცა, ეს ნდობა ყოველთვის როდი უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას.
ვალების დაფარვა, როგორც წესი, დაკავშირებულია კონკრეტულ მოვლენასთან — მოსავლის გაყიდვასთან ან ხოფადან (გარე სამუშაოებიდან) მიღებულ შემოსავალთან. თუ ეს მოსალოდნელი შემოსავალი აგვიანებს ან საერთოდ არ მიიღება, ვალები გროვდება. შედეგად, ფინანსური წნეხის ქვეშ ხვდებიან არა მხოლოდ ოჯახები, არამედ მცირე ბიზნესებიც, რომლებსაც თავად უჭირთ საბრუნავი საშუალებების უზრუნველყოფა.
ერთ-ერთი ადგილობრივი გამყიდველი აღნიშნავს, რომ ნისიად პროდუქტებს ძირითადად ხანდაზმული ადამიანები ყიდულობენ. ისინი, როგორც წესი, ვალს პენსიის აღებისთანავე ფარავენ, ამიტომ მსგავსი ნისიები ბიზნესს დიდ ზიანს არ აყენებს.
„ხანდაზმულ ადამიანებს უარს ვერ ვეტყვით“, — ამბობს გამყიდველი და ხაზს უსვამს საკითხის მორალურ მხარესაც.
თუმცა, ყველა შემთხვევა ასე მარტივად არ სრულდება. გამყიდველები აღნიშნავენ, რომ ზოგჯერ ნაცნობი კლიენტები საქონელს ნისიად იღებენ, მაგრამ ვალს თვეების განმავლობაში არ აბრუნებენ. მეტიც, ისინი სხვა მაღაზიებში იწყებენ სიარულს, რათა თავი აარიდონ ძველი ვალის დაფარვას. ამას უკვე სერიოზული გავლენა აქვს ბიზნესის სტაბილურობაზე.
სოფლის ტიპის დასახლებებში ნისიად ვაჭრობა ხშირად სეზონურ სამუშაოებს უკავშირდება. წარსულში მცხოვრებლები ძირითადად საზღვარგარეთ მიდიოდნენ სამუშაოდ, ახლა კი ბევრი მათგანი კარტოფილის მოსავლის აღებაზეა დასაქმებული. როდესაც ისინი სეზონური სამუშაოდან თანხას იღებენ, ნისიებსაც ფარავენ. ანუ, ვალის დაბრუნება დიდწილად დამოკიდებულია შემოსავლის სეზონურობაზე.
ამავდროულად, გამყიდველები ხშირად მორალური დილემის წინაშე დგებიან.
„სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ ბოლოს ცუდი ადამიანები მაინც ჩვენ გამოვდივართ“, – აღნიშნავენ ისინი.
საქონლის ნისიად გაცემა ხშირად აღიქმება როგორც მხარდაჭერა, თუმცა გადახდის დაგვიანება ან გადაუხდელობა სირთულეებს ქმნის.
ზოგადად, ნისიად ვაჭრობა განსაკუთრებით გავრცელებულია სოფლებში და სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ის, ერთი მხრივ, ეხმარება მოსახლეობას დროებითი ფინანსური სირთულეების დაძლევაში, მეორე მხრივ კი – რისკებს უქმნის მცირე ბიზნესს.
რამდენიმე წლის წინ ვითარება სხვაგვარი იყო. ბევრი მიდიოდა ე.წ. „ხოფაში“ (საზღვარგარეთ სამუშაოდ). დაბრუნებისას ისინი ახერხებდნენ დაგროვილი ვალების გასტუმრებას, ოჯახის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას და გარკვეული თანხის დაზოგვასაც კი.
დღეს სურათი შეცვლილია. თითქოს „ხოფა“ აქ ჩამოვიდა: ადამიანები საკუთარ სოფლებში მიწათმოქმედებით არიან დაკავებულნი, თუმცა სოფლის მეურნეობა ხშირად ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს. შედეგად, ადამიანები იძულებულნი არიან, აიღონ ვალი თესლის შესაძენად, მიწის დასამუშავებლად თუ საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად.
იმის ნაცვლად, რომ ოჯახის მდგომარეობა გააუმჯობესონ, ზოგიერთი ადამიანი ფულს კაზინოებსა და სათამაშო აპარატებში ხარჯავს, რის გამოც ხშირად მთელ ნამუშევარს კარგავენ. ეს კიდევ უფრო ზრდის საგარეო ვალის ტვირთს“.
ფინანსისტი რიფსიმე ოვანოღლიანი განმარტავს ნისიად ვაჭრობის ძირითად სტრუქტურას:
„როდესაც საქონელი ნისიად იყიდება, გამყიდველი ვალდებულია ეს გაყიდვა ოფიციალურად გააფორმოს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რათა გაყიდვა დაფიქსირდეს და მასზე გადასახადები გადაიხადოს.
ჩვენთან, განსაკუთრებით პატარა მაღაზიებში, ნისიები ძირითადად რვეულებში იწერება: აღნიშნავენ მყიდველის სახელსა და ვალის ოდენობას, თუმცა ეს გაყიდვა სისტემაში არ შედის და შესაბამისი გადასახადებიც არ იხდება. რეალურად კი საქონელი მაღაზიიდან გასულია და მოხმარებულია.
როდესაც საგადასახადო ორგანო შემოწმებაზე მოდის, ხედავს, რომ მოცემული საქონელი ფიზიკურად აღარ არის, მაგრამ სისტემაში გაყიდვად არ გატარებულა. ამ შემთხვევაში მაღაზიას შეუძლია აჩვენოს ნისიების რვეული, თუმცა საგადასახადო ორგანოს აქვს უფლება, ის ოფიციალურ დოკუმენტად არ მიიღოს.
შედეგად, რაც უფრო მეტი საქონელი აკლია ბალანსს, იმ ოდენობის თანხაზე იანგარიშება საშემოსავლო გადასახადი, დღგ და მათთან ერთად ჯარიმაც. მთელი ამ თანხის გადახდას კი მაღაზიას ავალდებულებენ.
ჩვეულებრივ, ეს პრობლემა იმ მაღაზიებში იჩენს თავს, რომლებიც არ იყენებენ საბუღალტრო ან გაყიდვების პროგრამებს და ვაჭრობას კანონიერი ფორმით არ აფიქსირებენ.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან