2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში სარწყავი სისტემის მომსახურების ახალი ტარიფები შედის ძალაში. ტარიფების მატების მიუხედავად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს სუბსიდირებას, რათა ფერმერებზე ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის საერთაშორისო დონორების მონაწილეობით სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა საშუალოვადიან გეგმებში სარწყავი სისტემების მოდერნიზება გაცხადებულია.

Jnews-ის მიერ 2026 წლის 21 იანვარს შპს „საქართველოს მელიორაციაში“ გაგზავნილ წერილზე, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ეხებოდა, გვიპასუხეს, რომ 2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) დაადგინა სარწყავი მომსახურების ახალი ტარიფი, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 აპრილიდან შევა. პასუხის თანახმად, ამჟამად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სარწყავი ხაზების რეაბილიტაცია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სახსრებით გათვალისწინებული არ არის.

ახალი ტარიფები
ახალი განაკვეთების მიხედვით, არამრიცხველიანი (პროფილური) მომხმარებლისთვის 1 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ერთჯერადი მორწყვა შეადგენს:

116,5486 ლარს — ერთწლიანი კულტურებისთვის;

102,0110 ლარს — მრავალწლიანი კულტურებისთვის.

ხოლო იმ პროფილური მომხმარებლებისთვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან აღრიცხვის ხელსაწყოებით (მრიცხველებით), 1 კუბური მეტრი წყლის საცალო ღირებულება განისაზღვრა 0,0826 ლარით (გარდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და გენერაციის ობიექტებისა).

კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფერმერებზე ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, რადგან სახელმწიფო გააგრძელებს სექტორის სუბსიდირებას. ამჟამად მუშავდება სუბსიდირების მექანიზმები, რომლებიც ახალი ტარიფის ამოქმედებამდე უნდა დამტკიცდეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი სარწყავი სისტემები: ორლოვკა-სპასოვკა, ყაურმა-ნამძვრალა და ნამძვრალა, რომელიც წყალს ხანჩალის წყალსაცავიდან იღებს.

ორლოვკა-სპასოვკა (თვითდინებითი): ემსახურება სოფლებს — სპასოვკას, კათნატუს, სათხას, ოროჯალარს, დიდ ხანჩალსა და ქალაქ ნინოწმინდას.

ნამძვრალა (თვითდინებითი): ემსახურება სოფლებს — ჯიგრაშენსა და ნამძვრალას.

ყაურმა-ნამძვრალა (თვითდინებითი): ემსახურება სოფლებს — ყაურმას, ჯიგრაშენსა და ნამძვრალას.

საშუალოვადიან გეგმაში გათვალისწინებულია ორლოვკა-სპასოვკას სათავე ნაგებობისა და ხანჩალის ტბის რეაბილიტაცია.

კომპანია მუდმივად აკონტროლებს სარწყავი წყლის გამოყენებას მისი რაციონალური განაწილების მიზნით, განსაკუთრებით აქტიური მოხმარების სეზონზე. წყლის გამოყენება დადგენილი გრაფიკის მიღმა, ისევე როგორც მორწყვა აბონენტისთვის განსაზღვრული დროის გარეთ, კვალიფიცირდება როგორც უკანონო მოხმარება. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობითა და კომპანიის შიდა რეგლამენტით გათვალისწინებული ზომები.

2026 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის დავალიანება შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ გაწეული მომსახურებისთვის 103 867 ლარს შეადგენს. დავალიანების ოდენობა მიმდინარეა და კორექტირდება გადახდების შესაბამისად.