საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ რგოლს ძმები გიორგი და დავით მიქაძეები წარმოადგენდნენ, რომლებიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის უახლოეს გარემოცვას განეკუთვნებიან.
პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მიქაძეები იყვნენ პასუხისმგებელნი ქოლ-ცენტრების „ხელშეუხებლობაზე“ და მათ კავშირზე სახელმწიფო სტრუქტურებთან.
უწყების ცნობით, დავით მიქაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის მიმალვაში იმყოფება, ხოლო გიორგი მიქაძეს ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა იგი ამ დროისთვის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
პროკურატურის ვერსიით, მიქაძეები მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც. გამოძიება ამტკიცებს, რომ 2020-2023 წლებში საქართველოში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ყალბ საინვესტიციო პლატფორმებზე იზიდავდა და დიდი ოდენობით თანხებსა და კრიპტოვალუტას ეუფლებოდა.
“ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები – გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
საქმეზე ბრალდებები წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რა ბიზნესებს ფლობენ ძმები მიქაძეები?
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 1974 წელს დაბადებული გიორგი მიქაძე და 1982 წელს დაბადებული დავით მიქაძე არაერთ კომპანიაში ფლობენ წილებს.
ბიზნესმენი გიორგი მიქაძე არის სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – ემ|გრუპ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია თბილისში ხუთ რესტორანს ფლობს.
ამასთან, გიორგი მიქაძე ფლობს კომპანია სეგურო-ს 34%-იან წილს. კომპანია სასურსათო პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებს.
მის მფლობელობაშია ასევე კომპანიები “ბეთანია 2008” და “სიღნაღი 2008”. გარდა ამისა, გიორგი მიქაძეს ეკუთვნის 33%-იანი წილი კომპანია გრიფი-ში.
რაც შეეხება დავით მიქაძეს, ბიზნეს რეესტრის მიხედვით, ის ცხრა კომპანიის მეწილე და ორი კომპანიის დირექტორია. მათ შორისაა მაიფონი, რომელიც კომპანიებს VOIP სატელეფონო სერვისებს აწვდის. კომპანიის ანგარიშის თანახმად, VOIP ტექნოლოგია მომხმარებელს საშუალებას აძლევს ინტერნეტის საშუალებით, კომპიუტერის ან მობილური აპლიკაციების გამოყენებით საქართველოს სატელეფონო ნომერი გამოიყენოს და განახორციელოს ან მიიღოს ზარები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კომპანია ასევე სატელეფონო აპარატურის რეალიზაციით არის დაკავებული.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 2.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
დავით მიქაძე „მაიფონში“ 45%-იან წილს 2022 წლის დეკემბრიდან ფლობს. აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ კომპანია დააჯარიმა, რადგან წილის შეძენაზე თანხმობის მიღების შესახებ განაცხადი „მაიფონმა“ მხოლოდ მას შემდეგ წარადგინა, რაც დავით მიქაძე კომპანიის აქციონერი გახდა.
დავით მიქაძე ასევე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს ლისი-2014; შპს აი ინსფაიერ; შპს ჰოთ-დოგ ენდ ბურგერ; შპს ვუდენ ჰაუს; შპს დექსთ; შპს გეთფეი და შპს გრიფი.