2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში სარწყავი სისტემის მომსახურების ახალი ტარიფები ამოქმედდება. ტარიფების მატების მიუხედავად, ხელისუფლება სუბსიდირების შენარჩუნებას გეგმავს, რათა ფერმერებზე ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. ამავდროულად, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საერთაშორისო დონორების მონაწილეობით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს, თუმცა საშუალოვადიან გეგმებში საკვანძო სარწყავი სისტემების მოდერნიზება გაცხადებულია.

შპს „საქართველოს მელიორაციისგან“ 2026 წლის 21 იანვრის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საპასუხოდ გვაცნობეს, რომ 2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) დაადგინა სარწყავი მომსახურების ახალი ტარიფი, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 აპრილიდან შევა. პასუხის თანახმად, ამ ეტაპზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარწყავი ხაზების რეაბილიტაცია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გათვალისწინებული არ არის.

ახალი ტარიფები
ახალი განაკვეთების მიხედვით, არამრიცხველიანი პროფილური მომხმარებლისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის 1 ჰექტარის ერთჯერადი მორწყვის საფასური შეადგენს:

116,5486 ლარს — ერთწლიანი კულტურებისთვის;

102,0110 ლარს — მრავალწლიანი კულტურებისთვის.

ხოლო მრიცხველით აღჭურვილი პროფილური მომხმარებლებისთვის, 1 კუბური მეტრი წყლის საცალო ღირებულება განისაზღვრა 0,0826 ლარის ოდენობით (წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისა და გენერაციის ობიექტების გარდა).

კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფერმერებისთვის ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, რადგან სახელმწიფო გააგრძელებს სექტორის სუბსიდირებას. ამჟამად მიმდინარეობს სუბსიდირების მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ახალი ტარიფის ამოქმედებამდე უნდა დამტკიცდეს.

სარწყავი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი სისტემები:

  • ლომატურცხის თვითდინებითი სარწყავი სისტემა — ემსახურება სოფლებს: ალათუმანი, კოჭიო, გოდოლარი, ლომატურცხი, თურცხი, კოტელია, ხანდო;
  • კოტელიის მექანიკური სისტემა — ემსახურება სოფელ კოტელიას და უერთდება ლომატურცხის სისტემას;
  • ზაკის მექანიკური სისტემა — ემსახურება სოფლებს: ზაკი, კოტელია, არაგვა, ორჯა, ხანდო და უერთდება ლომატურცხის სისტემას;
  • ალმალი-მურჯახეთის სისტემა (მექანიკური და თვითდინებითი) — ემსახურება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისს, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ხოსპიო, მურჯახეთი, ვაჩიანი, ჩამდურა, კიროვაკანი, კულიკამი და კარტიკამი;
  • ოკამის მექანიკური სისტემა — ემსახურება სოფლებს: ოკამი, ქარსეპი, გოგაშენი, აფნია;
  • დილისკა-ფტენა-ჩუნჩხის მექანიკური სისტემა — ემსახურება სოფლებს: დილისკა, ფტენა, ჩუნჩხა;
  • ზრესის მექანიკური სისტემა — ემსახურება სოფლებს: დილისკა, ჩამდურა, კიროვაკანი, კუმურდო, ვაჩიანი.

საშუალოვადიან გეგმაში გათვალისწინებულია მურჯახეთის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია, ლომატურცხის სათავე ნაგებობისა და სარწყავი სისტემის აღდგენა, ასევე დილისკა-ფტენა-ჩუნჩხის სისტემის მოდერნიზაცია.

ქონება და დავალიანება
2025 წელს შპს „საქართველოს მელიორაციის“ საწესდებო კაპიტალში ლომატურცხის სათავე ნაგებობა იქნა შეტანილი. გარდა ამისა, მიმდინარეობს პროცედურები სოფლების — თურცხის, ალასტანის, ხანდოსა და ორჯას მახლობლად მდებარე ტბორების, ასევე ორჯასა და არაგვას სატუმბი სადგურების კაპიტალში შესატანად.

2026 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის დავალიანება შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ გაწეული მომსახურებისთვის შეადგენს 103 867 ლარს. აღნიშნული თანხა განახლებადია და იცვლება გადახდების განხორციელების შესაბამისად.