მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში მომსახურების სააგენტოს ფილიალმა მუშაობა 13 თებერვალს დაიწყო და პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი მოედანი მზად არის, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის გახდება იქ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ხელმისაწვდომი.

ღობე, ასფალტი, დახაზვა, სველი წერტილები და მოსაცდელი სათვალთვალო ბაქანი — ახალქალაქის მართვის მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია. მიუხედავად ამისა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს ამჟამად მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის, ისევე როგორც ქალაქში მართვის გამოცდის ჩაბარება, კვლავ ახალციხეში უწევთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ ადგილზე მართვის მოწმობის გამოცდები ჯერჯერობით არ ჩატარდება და უცნობია, როდის აღდგება ეს შესაძლებლობა.

ploshadka - 1

შსს-ს მომსახურების სააგენტომ განაცხადა, რომ სააგენტოს ახალქალაქის ფილიალში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ოფისი ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება ყოველ პარასკევს, მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან.

სააგენტოს ახალქალაქის ფილიალი სარემონტო სამუშაოების გამო 2025 წლის 30 მაისს დაიხურა, რის გამოც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს სააგენტოს ყველა სერვისის მიღება მხოლოდ ახალციხეში ან სხვა ფილიალებში შეეძლოთ. ახალქალაქში ოფისი მუშაობას იმავე რეჟიმში გააგრძელებს, როგორც რემონტამდე მუშაობდა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას სააგენტოს მობილური ჯგუფი კვლავ მხოლოდ პარასკევ დღეს მოემსახურება.

ploshadka - 1

როგორც სააგენტომ თავის ფეისბუქგვერდზე განაცხადა, დაინტერესებულ პირებს მომსახურების მიღება ახალქალაქში შეუძლიათ, გარდა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისა.

კომპანია „პერსპექტივამ“ ახალქალაქში სარემონტო სამუშაოები განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულებამ 1,311,844 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 796,425.79 ლარი ახალქალაქის სამუშაოებისთვის გამოიყო, ხოლო 515,418.21 ლარი — ახალციხის სამუშაოებისთვის. ხელშეკრულებით სამუშაოების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო 135 დღე: ახალქალაქისთვის — 60 დღე, ხოლო ახალციხისთვის — 75 დღე. ხელშეკრულებას ხელი 2025 წლის 5 მაისს მოეწერა.

ploshadka - 1

ახალქალაქში მომსახურების სააგენტოს შენობის რეაბილიტაცია მოიცავდა შიდა სამუშაოებს, ფასადის განახლებასა და სხვა აქტივობებს. კომპანია „პერსპექტივას“ მენეჯერმა, ბექა წიკლაურმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ ახალ წლამდე დასრულდა.