მთავრობა ავტომფლობელებისთვის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტს უბრუნდება – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში წერია, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს.

„ალდაგის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის განცხადებით, დოკუმენტის განხილვა სავარაუდოდ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება, მისი თქმით, მთავარია, რომ სადაზღვევო პოლისის ღირებულება ხელმისაწვდომი იყოს და ის ავტომფლობელებისთვის ფინანსური წნეხი არ იყო.

„რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში არაერთი კონსულტაცია გვქონდა როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან. ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ეს კანონი მისაღებია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც მსგავსი რეგულაცია ჯერ კიდევ არ მოქმედებს.

კანონპროექტი უკვე დამუშავებულია და ველოდებით, რომ მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მოხდება. რაც შეეხება შინაარსს, ამ ეტაპზე წარდგენილია იგივე პროექტი, რომელიც ბოლოს შეთანხმდა და ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილია. აუცილებელი პირობაა, რომ პოლისი იყოს ხელმისაწვდომი.

ჩვენც, საკანონმდებლო ორგანოსაც და მთავრობასაც კარგად გვესმის, რომ რადგან ეს ცვლილება ყველა ავტომფლობელს ეხება, აუცილებელია ე.წ. პულინგის, ანუ საკმაოდ დიდი პორტფელის შექმნა და რისკის ადეკვატური სადაზღვევო პრემიის დაწესება. ჩვენი მოლოდინია, რომ როგორც ინდუსტრიისთვის, ისე მოსახლეობისთვის ეს ტარიფი პირველ რიგში ხელმისაწვდომი იქნება. ავტომფლობელებმა პოლისის შეძენისას უნდა დაინახონ ორი მთავარი სარგებელი: პირველი საკუთარი თავის დაცვა და მეორე ის, რომ დაზღვევა მათ ყოველდღიურ ეკონომიკურ საჭიროებებს მძიმე ფინანსურ წნეხად არ დააწვება“, – აცხადებს „ალდაგის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.