გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოში 18-19 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

„18 თებერვლის დღის მიწურულიდან 19 თებერვლის დასასრულამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე კი შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმი.

ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე — წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში — მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე: საშუალო)“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.