ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა გაუმართავ მდგომარეობაშია, მიუხედავად დროდადრო ჩატარებული ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა. Jnews-ის მრავალგზის მოთხოვნაზე, თუ როდის მოწესრიგდება გზა, საავტომობილო გზების დეპარტამენტში პასუხობენ — „ამ დღეებში“ ან „დათბობასთან ერთად“. ამჯერად დეპარტამენტმა წარმოადგინა მოცემული გზის იმ მონაკვეთების სია, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება.

13 დეკემბერს ახალქალაქის მაცხოვრებლებმა Jnews-ის რედაქციაში გამოაგზავნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ახალქალაქიდან კარწახისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილი ერთ-ერთ მრავალრიცხოვან გიგანტურ ორმოში ჩავარდა და მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ვიდეომ კრიტიკისა და უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული გზა, რომელზეც მუდმივად გადაადგილდებიან სატვირთო ავტომობილები და ადგილობრივი მცხოვრებლები, უკვე დიდი ხანია სავალალო მდგომარეობაშია.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, კომპანია „ჯავახავტოგზის“ ტექნიკამ რამდენიმე ორმო გაასწორა. მსგავსი სამუშაოები ამ მონაკვეთზე ადრეც ჩატარებულა, თუმცა ყოველ ჯერზე, თოვლის ან წვიმის შემდეგ, ორმოები კიდევ უფრო ღრმავდება. მძღოლები, რომლებმაც არ იციან ორმოების მდებარეობა, ნადნობი ან წვიმის წყლის გამო ვერ ხედავენ მათ სიღრმეს და შიგ ვარდებიან. ეს იწვევს ავტომობილის დაზიანებას და მფლობელებისთვის სერიოზული პრობლემებისა და ხარჯების მიზეზი ხდება. ვითარებას ამძიმებს სატვირთო ავტომობილები (ფურები), რომელთა რაოდენობაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მრავალჯერ გაიზარდა. თურქეთის საზღვრამდე მიმავალ მთელ გზაზე, სატვირთოების მძღოლები ყოველდღიურად ჩერდებიან სხვადასხვა ორმოებთან მძიმეწონიანი ტექნიკის შესაკეთებლად.

სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტს არა მხოლოდ Jnews-ის, არამედ საქართველოს სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმაც მიმართეს. უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელსაყრელი ამინდის პირობებში უნდა დაიწყოს. ასევე, დეპარტამენტმა სამუშაოების გრაფიკი წარადგინა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:

ახალქალაქი–კარწახის საერთაშორისო გზის 8,8 კმ – 16 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია (ლოტი 2) — პროცესშია.

ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 26,7 კმ – 36,09 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია — პროცესშია.

ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 1 კმ – 3 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია — დაგეგმილია.

ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 17 კმ – 25 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია — დაგეგმილია.

ახალქალაქი–კარწახის საერთაშორისო გზის 3 კმ – 7,8 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ლოტი 1) — დაგეგმილია.

ახალქალაქი–კარწახის საერთაშორისო გზის 8,8 კმ – 16 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ლოტი 2) — დაგეგმილია.

ახალქალაქი–კარწახის საერთაშორისო ავტომაგისტრალი, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვრამდე მიდის, უკვე დაახლოებით ხუთი წელია პერიოდულად გაუმართავ მდგომარეობაშია. მიუხედავად მრავალრიცხოვანი მიმართვებისა, მძღოლების განცხადებებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაპირებებისა რეაბილიტაციის მალე დაწყების შესახებ, ტრასა კვლავ აგრძელებს ნგრევას, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

იმის შესახებ, რომ ახალქალაქი–კარწახის გზამ დაშლა დაიწყო, Jnews-ი ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა და ამ თემას დღემდე აქტიურად აშუქებს. ამ წლების განმავლობაში რედაქციამ არაერთხელ მიმართა ყველა შესაძლო ინსტანციას და მიიღო პასუხები, თუმცა საფუძვლიანი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. 2023 წლიდან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი პასუხობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება „უახლოეს მომავალში“. თუმცა ეს „მომავალი“ დღემდე არ დამდგარა, გზა კი სიტყვასიტყვით ყოველდღიურად ინგრევა.

ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზა 2010 წელს აშენდა. კაპიტალური რემონტი მხოლოდ სოფელ ვაჩიანის მონაკვეთზე ჩატარდა, დანარჩენ ადგილებში კი მხოლოდ ორმოული სამუშაოები სრულდებოდა. თუმცა, იმ კაპიტალური რემონტისგანაც პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ 2022, 2023 და 2024 წლებში, მანამდე გამოცხადებული ტენდერების შესაბამისად, აღნიშნული გზის მონაკვეთების რეაბილიტაციას ახორციელებდნენ კომპანიები „ჯავახავტოგზა“ და „არალი“. თუმცა, ორივე კომპანიის მუშაობის ეფექტი შეუმჩნეველი აღმოჩნდა. ამ გზაზე მოძრავი მძღოლების უკმაყოფილება არ წყდება. ცალკეულ ადგილებში სამუშაოები ან სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, ან საერთოდ არ შესრულებულა.

კომპანია „არალი“, რომელსაც 2023 წელს ახალქალაქი–კარწახის გზის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა, ორჯერ დაჯარიმდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში მაშინ პირობას დებდნენ, რომ პრობლემური მონაკვეთები და მთლიანი გზა შეკეთდებოდა, თუმცა პრაქტიკაში ვითარება დღემდე არსებითი ცვლილებების გარეშე რჩება.