15 თებერვალს, თბილისის სომხურმა თემმა ბუნ ბარეკენდანი საზეიმოდ აღნიშნა. წელსაც, ტრადიციისამებრ, ეს დღესასწაული ფართომასშტაბიან სახალხო ზეიმად იქცა, რომელმაც სხვადასხვა თაობის მორწმუნეები გააერთიანა.
სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა სურბ გევორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც აღვლენილი კვირის წირვა დღის სულიერ ცენტრად იქცა. სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდარში ბუნ ბარეკენდანი არის ბოლო „მხიარული“ კვირა დიდი მარხვის დაწყებამდე. ის სიმბოლურად განასახიერებს მიწიერ სიუხვესა და სიხარულს, როგორც მომზადებას სინანულის, თავშეკავებისა და შინაგანი განწმენდის პერიოდისთვის. მორწმუნეები, დღესასწაულის არსის გააზრებით, გონებრივად ემზადებოდნენ დიდი მარხვისთვის, რომლის დასასრულსაც წმინდა აღდგომის ხარებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.
წირვის შემდეგ ეკლესიის ეზო ფერადი და თბილი დღესასწაულის ადგილად იქცა. ბარეკენდანისთვის დამახასიათებელმა უხვმა სუფრამ, ეროვნული კერძების მრავალფეროვნებამ და ამაღლებულმა განწყობამ ყველა დამსწრე გააერთიანა. დღესასწაულის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თბილისის სურბ გევორგისა და სურბ ეჯმიაწინის ეკლესიების ჯვრის მამებმა, ეპარქიის ადმინისტრაციულმა წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს სომეხ ქალთა კავშირმა — „შუშანიკმა“.
სუფრებს ამშვენებდა ღაფამა (გოგრა ტკბილი ფლავით), სომხური ჰალვა, ტკბილი ფლავი, ფოხინძი, სხვადასხვა სახის ნამცხვარი და სხვა ტრადიციული კერძები, რომლებიც კეთილდღეობასა და ბარაქას განასახიერებენ.
დღესასწაულის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ბავშვების მონაწილეობით დღის სიმბოლიკის წარდგენა იყო. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ჰაიარტუნის“ აღსაზრდელებმა ბარეკენდანის სიმბოლური პერსონაჟები — უტის ტატი (ხორციელი ბებია) და პას პაპი (მარხვის პაპა) წარმოადგინეს. ნიღბებით, სიმღერებითა და ლექსებით მათ დღესასწაულის არსზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ მომდევნო დღეს იწყება დიდი მარხვა — თავშეკავების, ლოცვისა და თვითგამორკვევის პერიოდი. ეს წარმოდგენა არ იყო მხოლოდ შემეცნებითი, ის იქცა სიმბოლურ ხიდად წარსულსა და აწმყოს, ტრადიციასა და ახალ თაობას შორის.
დღის განმავლობაში ასევე შესრულდა სუფრების კურთხევის რიტუალი, გაჟღერდა მადლიერების სიტყვები ორგანიზატორების, სპონსორებისა და თემის იმ სტრუქტურების მისამართით, რომელთა მხარდაჭერითაც ეს დღესასწაული თბილისში საერთო სომხური სულის გამოვლინებად იქცა. მონაწილეებმა ბარეკენდანის მხიარულება სიმბოლური ცერემონიით დაასრულეს — მოხარშული კვერცხითა და ლავაშით „მარხვის გზას დაადგნენ“, იმ პირობით, რომ უკვე შეღებილი კვერცხებით შეეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
სიმღერა და მუსიკა დიდხანს ტრიალებდა ეკლესიის ეზოში, რაც ქმნიდა თბილ, სოლიდარულ და შთამაგონებელ ატმოსფეროს. ბუნ ბარეკენდანი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში იქცა არა მხოლოდ სადღესასწაულო ღონისძიებად, არამედ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და გადაცემის ცოცხალ დასტურად- შეხსენებად იმისა, რომ ტრადიცია გრძელდება იქ, სადაც ის ადამიანების გულებში ცოცხლობს.
დიდი მარხვის წინა კვირას ეწოდება ბუნ ბარეკენდანი, რადგან ის უძღვის წინ ყველაზე ხანგრძლივ მარხვას. ბარეკენდანი არის ადამიანის იმ ბედნიერების მოგონება, რომლითაც ადამი და ევა სამოთხეში ტკბებოდნენ. ის ასევე არის სამოთხისეული ცხოვრების მაგალითი, სადაც ადამიანს ნებადართული ჰქონდა ყველა ნაყოფის დაგემოვნება, გარდა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფისა, რაც მარხვის სიმბოლოა. ბარეკენდანი სათნოებათა გამოხატულებაა: ამ დღეს ადამიანები გლოვისგან სიხარულზე გადადიან, ხოლო ტანჯვისგან — მშვიდობაზე. სწორედ ამ გაგებით იწყებს თითოეული ქრისტიანი სულის მორჩილებით, სინანულით, მარხვითა და მოწყალების იმედით დიდი მარხვის გზას. ის გრძელდება 48 დღე — ბუნ ბარეკენდანიდან წმინდა აღდგომის დღესასწაულამდე.
მარხვის 40 დღე სიმბოლურად განასახიერებს უდაბნოში ქრისტეს ორმოცდღიანი ლოცვის, მარხვისა და სინანულის პერიოდს. ნათლისღების შემდეგ იესო „სულმა უდაბნოში წაიყვანა და ორმოცი დღის განმავლობაში იცდებოდა ეშმაკის მიერ. არაფერი უჭამია და დაულევია იმ დღეებში“ (ლუკა 4:1-3). იესომ თავი იმარხულა კაცობრიობის გადასარჩენად, კაცობრიობის ნაცვლად თავად მოინანია, რათა ყველა მმარხველის სინანულმა აზრი და რეალობა შეიძინოს მისი ღვაწლის წყალობით. ორმოცდღიან მარხვას მოსდევს კიდევ ერთკვირიანი პერიოდი — ვნების შვიდეული. სწორედ ამიტომ გრძელდება „ორმოცდღიანად“ წოდებული მარხვა 48 დღე.
დიდი მარხვის მომდევნო კვირას ვნების კვირა ეწოდება და მოიცავს იესოს ტრიუმფალურ შესვლას იერუსალიმში (ბზობა), საიდუმლო სერობას, ღალატს, ვნებას, ჯვარცმას, სიკვდილს, დაკრძალვას და ბრწყინვალე აღდგომას.
მარხვა შუაზე იყოფა „მიჯინქით“ (შუამარხვით). ამ დღეს მარხვა არ წყდება, უბრალოდ, ხალხური ჩვეულებისამებრ, ამზადებენ სამარხვო ნამცხვარს — გათას.
ძველი კანონებით, დიდი მარხვის პერიოდში აკრძალული იყო ჯვრისწერა და შესაწირი (მატაღი). თუმცა, კათოლიკოს ვაზგენ I-ის განკარგულებით, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჯვრისწერა ნებადართული გახდა დიდი მარხვის შაბათ და კვირა დღეებში, გარდა ვნების შვიდეულისა.
დიდი მარხვის მომდევნო კვირას ეწოდება ვნების შვიდეული (ავაგ შაბათი) და ის მოიცავს მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს: დიდებით შესვლას იერუსალიმში (ბზობა), საიდუმლო სერობას, გაცემას, ვნებებს, ჯვარცმას, სიკვდილს, დაფლვას და, საბოლოოდ, სასწაულებრივ აღდგომას — წმინდა ზატიკს.