ახალქალაქის სასპორტო სკოლის „აბულის“ ბავშვთა და მოზარდთა გუნდის ორი მოთამაშე- სამველ ალექიანი და არმან ეღოიანი- მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსში გასამართ საერთაშორისო ტურნირში „Ateitis Cup“. ამის შესახებ ინფორმაცია სასპორტო სკოლის Facebook-გვერდზე ვრცელდება.
სამხარეო გუნდ „დინამოს“ ახალგაზრდა მონაწილეების (დაბადებულები 2013-2014 წლებში) შესარჩევი ეტაპი „დინამო თბილისის“ აკადემიაში, საქართველოს 30 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარდა.
„დინამო თბილისის“ შემრჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, 11 მარტს ვილნიუსში გასამართ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 18 ფეხბურთელი შეირჩა. მათ შორის არიან ახალქალაქელი სპორტსმენები: სამველ ალექიანი და არმან ეღოიანი, რომელთა მწვრთნელი არამ სუქიასიანია.
„Ateitis CUP“ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირია, რომელიც ყოველწლიურად 22-ზე მეტი ევროპული და სხვა ქვეყნის 7000-ზე მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს უყრის თავს.
2024 წლის მარტიდან მოყოლებული, 32 მოსწავლე საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ სისტემით ვარჯიშობს. კლუბი პერიოდულად არჩევს საუკეთესო ფეხბურთელებს მათი შემდგომი დაწინაურების მიზნით.