დღეს მთელი მსოფლიო ვალენტინობას აღნიშნავს, თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ამ დღის საკუთარი ალტერნატივა აქვს. სიყვარულის ალტერნატიული დღეების შესახებ Jnews-მა მასალა მოლდოველ კოლეგებთან ერთად მოამზადა.

ვალენტინობა სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. ის ყოველწლიურად, 14 თებერვალს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. დღესასწაული უკავშირდება III საუკუნის ქრისტიან მღვდელს, წმინდა ვალენტინს, რომელიც იმპერატორის აკრძალვის მიუხედავად, შეყვარებულებს ფარულად სწერდა ჯვარს. დროთა განმავლობაში მისი ხსოვნა რომანტიკული სიყვარულისა და აღსარების სიმბოლოდ იქცა. თუმცა, ვალენტინობის საკუთარი ალტერნატივა არა მხოლოდ სომხებს, არამედ მოლდოველებსაც აქვთ.

ჯავახეთში სურბ სარქისის დღესასწაული განსაკუთრებული საზეიმო ვითარებით აღინიშნება და ადგილობრივი სომხური თემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღედ ითვლება. დღესასწაულის წინა ღამეს ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები სურბ სარქისის ეკლესიისკენ ღამის პილიგრიმობას ფეხით ასრულებენ, გზად სამლოცველოებში სანთლებს ანთებენ.

დღესასწაულის დღეს ტარდება ლიტურგია, რის შემდეგაც მღვდელი ახალგაზრდებს აკურთხებს და მარილიან კვერებს ურიგებს. ახალგაზრდები სიყვარულისა და ბედნიერი მომავლისთვის ლოცულობენ და ერთმანეთს სანთლებს უცვლიან.

ნარჩუნდება ხალხური ადათ-წესებიც: მარილიანი კვერების გამოცხობა იმ იმედით, რომ სიზმარში მომავალ მეუღლეს იხილავენ, ასევე მოხალული და დაფქული ხორბლის დატოვება წმინდანის ნიშნის მოლოდინში.

ჯავახეთისთვის სურბ სარქისი არა მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, არამედ კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც აერთიანებს რწმენას, ტრადიციებსა და ახალგაზრდა თაობას.

მას შემდეგ, რაც ნახა ჩვენი ვიდეომასალა იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავენ ჯავახეთში სურბ სარქისის დღესასწაულს, მოლდოველ ჟურნალისტს, ნატაშა ტაიშინას, გაუჩნდა იდეა, ჩვენი მკითხველისთვის ჩვენს ქვეყნებში არსებული ალტერნატიული დღესასწაულების შესახებ ეთქვა.

Jnews vertikalno - 1
ედინეტი, მოლდოვა (ქალაქი რუმინეთსა და უკრაინას ესაზღვრება). დრაგობეტე არის დღე, როდესაც გაზაფხული სიყვარულს გვასწავლის

მოლდოვას შეყვარებულთა საკუთარი დღე აქვს — დრაგობეტე, რომელიც 24 თებერვალს აღინიშნება. ის არ ეჯიბრება 14 თებერვალს და არც მისი „დაჩრდილვა“ სურს. ეს დღესასწაული სხვანაირად მოდის: ვიტრინების, სავალდებულო საჩუქრებისა და იმ შეგრძნების გარეშე, რომ „სასწრაფოდ უნდა მოასწრო რაღაც რომანტიკულის ყიდვა“. ეს უფრო ნიშანია იმისა, რომ ზამთარი ჯერ კიდევ მედგრად დგას, მაგრამ გაზაფხული უკვე ფანჯრებში იჭვრიტება.

დღესასწაულის სახელს ხშირად უკავშირებენ მოლდოვურ სიტყვას drag — „ძვირფასი, საყვარელი“, საიდანაც მომდინარეობს dragoste — „სიყვარული“. მკვლევრებს სიტყვა „დრაგობეტეს“ ზუსტი ეტიმოლოგია საბოლოოდ არ დაუდგენიათ, თუმცა ხალხურ მეხსიერებაში ის ყოველთვის ჟღერდა, როგორც სიყვარულისა და გაზაფხულის დადგომის დღესასწაული.

Jnews vertikalno - 1

დრაგობეტეს განსაკუთრებული სითბოთი მოლდოვის ჩრდილოეთში იხსენებენ. ეს მრავალეროვანი რეგიონია, სადაც ტრადიციები და დღესასწაულები წლების განმავლობაში გადაეცემა უფროსებიდან უმცროსებს: ზოგს თითქმის უცვლელად უფრთხილდებიან, ზოგს კი დღევანდელ ცხოვრებას არგებენ. სწორედ ამიტომ, დრაგობეტე აქ „მუზეუმის თარიღად“ არ აღიქმება — მას რეალურად ცხოვრობენ.

უფროსები დღესასწაულის აზრს ლამაზად და მარტივად ხსნიან: ამ დღეს ჩიტები „ქორწინდებიან“ — ირჩევენ მეწყვილეს, რჩებიან ერთად და ბუდეზე ფიქრს იწყებენ. ადამიანებსაც ეს დღესასწაული თითქოს იმავეს კარნახობს: ნუ გაართულებ, ნუ დაანგრევ კარგს წვრილმანების გამო. თუ იპოვე შენი — გაუფრთხილდი. თუ სითბო გინდა — ისწავლე მისი შექმნა.

ედინეცის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუზეოგრაფი სტელა განუშჩაკი გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს ადრე.

Jnews vertikalno - 1

პირველი ყვავილებისგან გვირგვინებსაც წნავდნენ. გვირგვინი ახალგაზრდობისა და იმედის სიმბოლოდ ითვლებოდა. თუ ის წყალში ჩავარდებოდა, ან რომელიმე ჭაბუკი გოგონას თავიდან მოხსნიდა — ჩურჩულებდნენ, რომ ეს სწრაფი ქორწინების ნიშანი იყო.

საღამოსკენ ახალგაზრდობა კოცონთან იკრიბებოდა. იქ აღარავინ დარბოდა და ერთმანეთს აღარ ეჯიბრებოდნენ — იქ იცინოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ხუმრობდნენ. ხანდახან წყვილები ერთმანეთს მერციშორებს — პატარა, წითელ-თეთრ ბუტონიერებს უცვლიდნენ. სწორედ მაშინ ხდებოდა ეს დღესასწაული საბოლოოდ არა უბრალოდ „შეყვარებულების დღე“, არამედ გაზაფხულის დღესასწაული, რომელიც მოვიდა და ყველაფერი განაახლა.

დრაგობეტეს კიდევ ერთი მხარე აქვს — მშვიდი, ოჯახური და ძალიან მოლდოვური: უფროსი თაობის შეკრებები. ეს არ არის სცენა ან „გეგმის მიხედვით“ მოწყობილი საღამო, არამედ სახლი, სადაც უბრალოდ კარგი გარემოა.

ყველას მოჰქონდა რაღაც თავისი: კალათით წითელი ვაშლები, ქოთნით თაფლი, ხელნაკეთი ნამცხვრები, ერთი ბოთლი ღვინო. ზოგს ხელსაქმე მოჰქონდა — საჩვენებლად, საჩუქრად ან გასაცვლელად. ხანდახან ნიორიც კი მოჰქონდათ, როგორც ოჯახის ავგარდანი, რათა ბოროტს სახლისთვის გვერდი აევლო.

ასეთ შეკრებებზე მთავარი სუფრა კი არა, საუბარია. ხალხური სიმღერები სიცილსა და ხუმრობას ენაცვლება, კეთილი სურვილები კი ისე ჟღერს, თითქოს მათში გახვევა და თავის შეფარებაა შესაძლებელი. და, რა თქმა უნდა, იწყება ამბების მოყოლა: როგორ უტყდებოდნენ სიყვარულში, როგორ მკითხაობდნენ საბედოზე, როგორ იყო „მაშინ ყველაფერი უფრო მარტივი“. ხელსაქმის ოსტატები ქსოვენ ან ქარგავენ, ჩუმად საუბრობენ და ერთმანეთს ოსტატობის საიდუმლოებებს უზიარებენ. ყოველგვარი სიყალბისა და „დადგმის“ გარეშე. ეს უბრალოდ ის სითბოა, რომლის ერთად შეგროვებაც ადამიანებს ასე კარგად გამოსდით.

სწორედ ამ მომენტში ხდება განსაკუთრებით ნათელი: დრაგობეტე სულაც არ ჩანს „ძველი და მტვრიანი“. ის ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზეა — სიყვარული არ მოითხოვს ხმამაღალ სიტყვებს. მისთვის საკმარისია, რომ გვერდით სინათლე იყოს.

დროთა განმავლობაში ბევრი ძველი ადათ-წესი ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქრა: დღეს ყველა სოფელში ვეღარ შეხვდებით გოგონების „გაქცევას“ ან პირველი ყვავილებისგან დაწნულ გვირგვინებს. თუმცა დრაგობეტეს არსი — გაზაფხული, შეხვედრა და ადამიანებს შორის სითბო — დარჩა. სწორედ ამიტომ არ გამქრალა ეს დღესასწაული: მან უბრალოდ ფორმა შეიცვალა.

და დიახ — მას კვლავინდებურად 24 თებერვალს აღნიშნავენ. უბრალოდ, ბევრისთვის ეს უკვე აღარ არის „ერთი დღე“, არამედ საგაზაფხულო ჯაჭვის დასაწყისია.

მოლდოველებისთვის დრაგობეტე ხშირად აღიქმება როგორც მერციშორის გაგრძელება (რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი) — გაზაფხულის შეხვედრის ჩვენი ყველაზე ნაზი ტრადიცია.

მარტის დასაწყისში ადამიანები ერთმანეთს მერციშორებს — საგაზაფხულო თალისმანებს — ჩუქნიან. ეს არის ძაფებისგან დამზადებული პატარა წითელ-თეთრი ბუტონიერები, კეთილი სურვილების სიმბოლო. მათ მთელი მარტის განმავლობაში მკერდზე ატარებენ — თითქოს სულისა და გულის სითბოთი „ათბობენ“ გაზაფხულს, სანამ ის საბოლოოდ არ დაიმკვიდრებს თავის უფლებებს. ხალხური განმარტებით, თეთრი ძაფი მიმავალ ზამთარსა და სინათლეს განასახიერებს, წითელი კი — სიცოცხლესა და გაზაფხულის სითბოს: ისინი ერთად ორ სეზონს აკავშირებენ.

იმისათვის, რომ დღესასწაული მხოლოდ „სიძველედ“ არ დარჩეს, მას სულ უფრო ხშირად თანამედროვე ფორმატში გადააქვთ. სკოლებსა და კულტურის სახლებში აწყობენ კონკურსებსა და ფესტივალებს, ირჩევენ „მის და მისტერ დრაგობეტეს“, დგამენ სცენებს, ამზადებენ შემოქმედებით ნომრებსა და დეკორაციებს საკუთარი ხელით. ეს უკვე აღარ არის რიტუალი — ეს თამაშია, მაგრამ იგივე აზრით: სიმპათია, პატივისცემა და ერთმანეთისადმი ყურადღება.

დღეს მოლდოვაში დრაგობეტე სხვადასხვანაირად ახსოვთ: სადღაც ინახავენ მის სახელსა და არსს, სადღაც მხოლოდ ყურმოკვრით სმენიათ, ზოგი კი მას პირველად ეცნობა.

ყველა ქვეყანას თავისი „14 თებერვალი“ აქვს. ისინი უბრალოდ სხვანაირები არიან. თუ ვალენტინობა არის: „აი შენ საჩუქარი და აღიარება“, დრაგობეტე ნიშნავს: „მოდი გავიაროთ, დავაკვირდეთ, გავიცინოთ… გაზაფხულია“. ხოლო სურბ სარქისი — რწმენაზე, სიყვარულსა და იმედზეა.