დღეს, 13 თებერვლის საღამოს, თბილისის სომხური თემი კვლავ შეიკრიბა სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის – ტეარნინდარაჯის, ან როგორც ხალხშია მიღებული, ტრნდეზის აღსანიშნავად. ქალაქის სომხური საკათედრო ტაძრის, სურბ გევორგის ეზოში განსაკუთრებული, თბილი ატმოსფერო სუფევდა: კოცონმა, საეკლესიო ღვთისმსახურების ჰანგებმა, ხალხურმა სიმღერამ და ცეკვამ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები გააერთიანა.

სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღონისძიება საღამოს წირვით დაიწყო, რის შემდეგაც მორწმუნეები ეკლესიის ეზოში გამოვიდნენ, რათა კოცონის დანთების ტრადიციულ ცერემონიაში მიეღოთ მონაწილეობა. კოცონის აგზნების მომენტი საღამოს სიმბოლურ კულმინაციად იქცა — დამსწრენი ერთმანეთს სანთლების შუქს გადასცემდნენ.

trndez 4

trndez 2

წელს განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები და, უპირატესად, ახლადდაქორწინებული წყვილები. ბევრი მათგანი, ხელჩაკიდებული უახლოვდებოდა კოცონს და საკუთარი ოჯახისთვის მშვიდობასა და კურთხევას ითხოვდა. ხალხური ტრადიციის თანახმად, ცეცხლზე გადახტომა განწმენდის, განსაცდელების დაძლევისა და ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა. ეკლესიის ეზოში ასევე მოეწყო გამასპინძლება; დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ჩაბმულიყვნენ ფერხულში, ეცეკვათ და ერთად ელხინათ.

trndez 1

trndez 5

დღესასწაულს ასევე თვალს ადევნებდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რომლებიც ინტერესით აკვირდებოდნენ და ფოტოებს უღებდნენ მათთვის ასეთ უჩვეულო სანახაობას.

trndez 3

ტეარნინდარაჯი სომხური ეკლესიის ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია, რომელიც ორმოცი დღის ჩვილი იესოს ტაძრად წარდგენას ეძღვნება. დღესასწაულის თეოლოგიურ საფუძველს შემდეგი საიდუმლო განაპირობებს: ტეარნინდარაჯი არის ყველასთვის გაჟღერებული მოწვევა — წავიდეთ უფლის შესაგებებლად.

სახელწოდება „ტეარნინდარაჯი“ ქრისტიანული ტრადიციით იხსნება. ძველი რჯულის თანახმად, მშობიარ ქალს ორმოცი დღის პირმშო ტაძარში უნდა მიეყვანა, ღვთისთვის ძღვენი მიერთმია და კურთხევა მიეღო. სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ დადგენილი წესებით, ჩვილს რვა დღისას ნათლავენ, ხოლო ორმოცი დღისას დედა შვილთან ერთად ტაძარში მოდის — მღვდელი ბავშვს ღმერთს წარუდგენს, დედას კი განწმენდის ლოცვას უკითხავს.

მარიამმა ორმოცი დღის იესო ტაძარში მიიყვანა. იქ იმყოფებოდა ღვთისმოსავი მოხუცი, სახელად სიმონი, რომელსაც უფლისგან აღთქმა ჰქონდა მიღებული, რომ სიკვდილს არ იხილავდა, სანამ ქვეყნიერებისა და კაცობრიობის მაცხოვარს არ ნახავდა. სულიწმინდით წინამძღოლობით მან იცნო მაცხოვარი და იესოს შესაგებებლად გამოვიდა. სწორედ აქედან მომდინარეობს გამოთქმა — „უფლის შესაგებებლად“.

თბილისში ტეარნინდარაჯი მხოლოდ საეკლესიო რიტუალი არ არის, ის თემის გაერთიანების მიზეზიცაა. წლევანდელმა დღესასწაულმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მრავალეროვანი ქალაქის სომხური თემი აგრძელებს თავისი რწმენისა და ტრადიციების დაცვას და მათ ახალ თაობებს გადასცემს.