ქათმის ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ხორცის ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია იმპორტირებულ ხორცზე კვოტირების დაწესება. „ფასების საპარლამენტო კომისიის“ პირველ შეხვედრაზე რევაზ ვაშაკიძემ იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კონკრეტულად მის მეფრინველეობის ფერმას ექმნება.

რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ძალიან საკითხია განსახილველი და მთავარია, რომ ეს საკითხები ისე უნდა იყოს განხილული, რომ “ბიზნეს პროცესში დიდი ჩარევა არ მოხდეს”.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ დაბალი ფასით შემოსული იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენციის გამო, „ჩირინამ“ მეზობელ ქვეყნებში გასვლა დაიწყო.

„ჩვენთვის აქვს კვოტირების საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს რამდენ ქათამს აწარმოებს ქვეყანა და რამდენია ჩვენი ვალდებულება. ეს კვერცხის ნაწილშიც უნდა იყოს. იმპორტის კვოტირება, მაგალითად თუ კვოტირების ნაწილში ჩვენ დაგვჭირდება 5 000 ტონა ქათმის შემოტანა – ეს საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ და განვახორციელოთ ინვესტიციები გრძელ ვადაში. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ ჩინეთიდან ქათმის მკერდის ხორცი ძალიან დაბალ ფასად 4 ლარად შემოვიდა, რამაც დიდი პრობლემა გაგვიჩინა. ეს საკითხი იმით გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პროდუქტი სომხეთში და აზერბაიჯანში გავიტანეთ, რადგან იქ ჩინური პროდუქტის შეტანა შეზღუდულია. კვოტირების გარეშე, ჩვენთვის წარმოება ძალიან რთულდება“, – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენციის პრობლემებზე „ბიუ ბიუ პლიუსის“ მმართველმა პარტნიორმა ქეთი ვაშაკიძემაც ისაუბრა და განმარტა, რომ ქსელში შესვლისას, მაღაზიები მხოლოდ ფასის მიხედვით იღებენ პროდუქტს.

„ჩირინა“ ქათმის ხორცის ძალიან დიდი მწარმოებელია, თუმცა გაყიდვების კუთხით, ძირითადად საკუთარი მაღაზიების საშუალებით ყიდის, რადგან ქსელებს ამ მომენტისთვის ნედლი ხორცის გაყიდვის ინფრასტრუქტურა ნაკლებად აქვთ, ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ხორცის წარმოება ქვეყანაში პრობლემურია.

ამასთან, ქსელებისთვის გადამწყვეტი საკითხი არის ფასი. ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობა აქვს და ხშირად იმპორტირებული პროდუქტი ძალიან დაბალ ფასად შემოდის. რაც ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შეიძლება საგადასახადო ან საკანონმდებლო თვალსაზრისით ქსელებს ჰქონდეთ დამატებითი მამოტივირებელი საკითხი, თუ ქართულ პროდუქტს ყიდი სხვადასხვანაირად ხდებოდეს იმპორტირებული პროდუქტის დაბეგვრა ან შეფასება, რადგან დღეს ქსელს ადგილობრივი პროდუქტის შეძენის მოტივაცია არ აქვს, რადგან მისთვის მთავარი ფასია“, – განაცხადა ქეთი ვაშაკიძემ.

რევაზ ვაშაკიძემ „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო პრეროგატივა უნდა იყოს ასევე ქვეყანაში დაავადებების გავრცელების კონტროლის საკითხიც.

„არის კიდევ ვეტერინარიული პრობელმები, სეს-ი საქმის კურსშია. გასულ წლის ბოლოს, კვერცხის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები ნაწილობრივ დაავადებებით იყო გამოწვეული. ზოგი დაავადება აზერბაიჯანიდან შემოვიდა, ზოგი სომხეთიდან. ჩემი აზრით, აუცილებელია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვაქცინაციის უფრო მასშტაბური სამუშაოები ჩაატაროს, რომ ქვეყანაში ეს დაავადებები გაქრეს და შეზღუდვები უნდა იყოს ცოცხალი ქათმის შემოტანაზე.

დეკემბერ-იანვარში ჯამში რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი იყო დაავადებების გამო. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის გაკეთებული, რომ არ აღწევდეს დაავადებები, მაგრამ ეს დაავადება შეიძლება თანამშრომელმაც მოიტანოს. ამ კუთხით ყველა ზომებს ვიღებთ, მაგრამ ეს გვაქვს.

ის დაავადებები, რომელიც ინფექციურია სამართავად სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა იყოს. რადგან ინფექციები ყოველწლიურად იზრდება“, – ამბობს ბიზნესმენი.