საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წლის იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა ინფლაციის ზრდაზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია. 2026 წლის იანვარში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 4.8%-ს მიაღწია.
“საგარეო ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივად, გარკვეულ პროდუქტებზე ფასის ერთჯერადი კორექტირება, სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა და აგრარული პროდუქტების ფასების მერყეობა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის თებერვლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.
2026 წლიდან თამბაქოს დაბეგვრის წესი შეიცვალა – იმპორტულ საქონელზე ფიქსირებული აქციზი კოლოფზე 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ადვალური გადასახადი კი შემცირდა 30%-დან 20%-მდე. ამასთან ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე დადგინდა საგადასახადო შეღავათი – ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 2026 წელს წარმოებული პირველი 35 მილიონი კოლოფისთვის შემცირებული აქციზი იმოქმედებს, ხოლო მათი ადვალური აქციზი კი 15%-ით განისაზღვრება.
ამასთან, ეროვნული ბანკი ქვეყანაში გაზრდილ ინფლაციას ძირითადად საგარეო ფაქტორებს უკავშირდებს:
“2025 წლის მარტიდან მთლიანი ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრა, წინა პერიოდის დაბალ საბაზო ეფექტთან ერთად, უმეტესწილად ეგზოგენურმა ფაქტორებმა გამოიწვია. დომინანტური როლი აქვს სურსათის ფასების ინფლაციას, რომლის დინამიკაც შერეული სიგნალებით ხასიათდება. ერთი მხრივ, როგორც გლობალური ეკონომიკის მიმოხილვის ნაწილში აღინიშნა, საერთაშორისო ბაზრებზე ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე, მათ შორის მზესუმზირის ზეთსა და ზოგიერთი სახეობის ხორცპროდუქტებზე, ფასები იზრდება რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა.
აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდა მეტწილად სტრუქტურული ხასიათის ფაქტორებით არის განპირობებული, კერძოდ, შედარებით მდგრადი მოთხოვნის პირობებში, გლობალურად შეზღუდული მიწოდებით. თუმცა, რიგ პროდუქტებზე, მათ შორის შაქარზე და მარცვლეულზე საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირების ტენდენციაა.
აღნიშნული დინამიკა უკვე ნაწილობრივ აისახა ადგილობრივ ფასებზე და სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო პერიოდში სურსათის ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით აისახება.
საგარეო ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივად, გარკვეულ პროდუქტებზე ფასის ერთჯერადი კორექტირება, სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა და აგრარული პროდუქტების ფასების მერყეობა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამის საპირისპიროდ, იმპორტირებული პროდუქტების ფასები დეფლაციურია, რასაც მეტწილად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შემცირების გადმოცემა განაპირობებს. ამავდროულად, გაცვლითი კურსის შედარებით სტაბილური პოზიციის ფონზე, გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტებზე, რომლებიც მეტწილად იმპორტულია, ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.