შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გვაცნობებს, რომ სააგენტოს ახალქალაქის ფილიალში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული სივრცე ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება ყოველ პარასკევს, ამ წლის 13 თებერვლიდან.

სააგენტოს ახალქალაქის ფილიალი სარემონტო სამუშაოების გამო 2025 წლის 30 მაისს დაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს სააგენტოს ყველა სერვისის მიღება მხოლოდ ახალციხეში ან სხვა ფილიალებში შეეძლოთ. ახალქალაქის ფილიალი მუშაობას გააგრძელებს რემონტამდე არსებული რეჟიმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას სააგენტოს მობილური ჯგუფი მხოლოდ პარასკევობით მოემსახურება.

როგორც სააგენტო თავის ფეისბუქ-გვერდზე იუწყება, დაინტერესებულ პირებს წელს ახალქალაქში შეეძლებათ ისარგებლონ სააგენტოს სერვისებით, გარდა მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისა.

ახალქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „პერსპექტივამ“ შეასრულა, რომლის საერთო ღირებულებამ 1 311 844 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 796 425.79 ლარი გამოიყო ახალქალაქის, ხოლო 515 418.21 ლარი – ახალციხის სამუშაოებისთვის. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 135 დღეში უნდა დასრულებულიყო, საიდანაც 60 დღე ახალქალაქზე იყო გათვლილი, ხოლო 75 – ახალციხეზე. ხელშეკრულებას ხელი 2025 წლის 5 მაისს მოეწერა.

ახალქალაქის მომსახურების სააგენტოს კაპიტალური რემონტი მოიცავდა შენობის შიდა სივრცისა და ფასადის განახლებას, ასფალტის დაგებასა და სხვა სამუშაოებს. კომპანია „პერსპექტივას“ მენეჯერმა, ბექა წიკლაურმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოები ახალ წლამდე დასრულდა.

Jnews-ი შეეცდება გაარკვიოს და აცნობოს თავის მკითხველს, თუ რატომ არის შეუძლებელი პრაქტიკული გამოცდის ადგილზე, ახალქალაქში ჩაბარება და აღდგება თუ არა ეს შესაძლებლობა.