საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების ახალი კვოტები დაამტკიცა, რომლებიც ამიერიდან შრომის ბაზრის ანალიზის შედეგებს დაეფუძნება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემაში იწყება მასშტაბური რეფორმა, რომლის ძირითადი პრინციპია მიდგომა – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“.
Jnews დაუკავშირდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს იმის გასარკვევად, თუ ახალი რეფორმების ფარგლებში რომელი მიმართულებები შენარჩუნდება ახალქალაქის კორპუსში. თუმცა, უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ სპეციალობების საბოლოო სია ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ახალი პოლიტიკის თანახმად, რეგიონულ უნივერსიტეტებში — ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და თელავში – პრიორიტეტი მიენიჭება აგრარულ მიმართულებებს, ტურიზმსა და პედაგოგიკას.
შეგახსენებთ, რომ ახალი მოდელის მიხედვით, თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება მკაფიო პროფესიული მიმართულება, მისი ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს სტუდენტებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების (გარდა პედაგოგიკისა), სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებებით.
ტექნიკური უნივერსიტეტი კონცენტრირდება საინჟინრო-ტექნიკურ სპეციალობებზე, სამედიცინო უნივერსიტეტი – სამედიცინო პროგრამებზე, ხოლო ილიას უნივერსიტეტი — პედაგოგიკასა და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, ასევე პედაგოგიკაზე.
რეგიონულ უნივერსიტეტებში — ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და თელავში – პრიორიტეტული გახდება აგრარული მიმართულებები, ტურიზმი და პედაგოგიკა.
მინისტრის განცხადებით, შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში მიღება არსებითად არ შეესაბამებოდა რეალურ მოთხოვნას. მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტებზე ყოველწლიურად დაახლოებით 3 600 სტუდენტი ირიცხებოდა, მაშინ როცა ბაზრის მოთხოვნა 700 სპეციალისტზე ნაკლებია. მსგავსი შეუსაბამობა დაფიქსირდა ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების სფეროებშიც.
ამავდროულად, შეინიშნება კადრების დეფიციტი საინჟინრო-ტექნიკურ და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში, ასევე საექთნო და სამეანო სპეციალობებზე.
წელს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მიღება შეადგენს დაახლოებით 21 300 სტუდენტს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 2 000-ით მეტია. გარდა ამისა, დაახლოებით 10 000 სტუდენტი ჩაირიცხება პროფესიულ პროგრამებზე სრულიად უფასოდ.
რეფორმის მთავარი მიზანი, მინისტრის თქმით, არის ის, რომ უმაღლესი განათლება შესაბამისობაში იყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც შეამცირებს მომავალი უმუშევრობის რისკებს.
ჰნაზიკ ავეტისიან