სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსის ქართული ფილოლოგიის განყოფილებაზე სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას წლების განმავლობაში გოგონები შეადგენენ. უნივერსიტეტის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ვაჟი სტუდენტების რაოდენობა სულ რაღაც ორი ან სამი იყო.
ამ თემასთან დაკავშირებით Jnews-ი ესაუბრა პირველ ვაჟ სტუდენტს, რომელმაც ახალქალაქის კორპუსის ქართული ფილოლოგიის განყოფილება აირჩია — ფელიქს მარტიროსიანს. მან უკვე დაასრულა უნივერსიტეტი და ამჟამად თავისი სოფლის, გომანის საჯარო სკოლაში მუშაობს.
წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ფილოლოგიის განყოფილებას ვაჟი სტუდენტი არ ჰყოლია. ეს „ტრადიცია“ დაარღვია ფელიქს მარტიროსიანმა, რომელიც უნივერსიტეტში 2018–2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადმოვიდა.
„თბილისში სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა ოჯახური და ფინანსური მიზეზების გამო ახალქალაქში გადმოსვლა მომიწია“, – ჰყვება ის.
ფელიქს მარტიროსიანმა ფილოლოგიის განყოფილება 2023 წელს დაასრულა.
ის არჩევანის წინაშე იდგა ეკონომიკისა და ქართული ფილოლოგიის განყოფილებებს შორის. არჩევანი შეგნებულად ფილოლოგიაზე შეაჩერა და სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც შეიძლება დამდგარიყო.
„მანამდე ზედა კურსებზე ამ განყოფილებაზე ვაჟი სტუდენტი არ ყოფილა. უნივერსიტეტის პერსონალი გაკვირვებული იყო – მე პირველი ბიჭი ვარ, ვინც ფილოლოგია აირჩია“, – ამბობს ფელიქსი.
თავიდან მან ისიც კი არ იცოდა, რომ კურსზე ერთადერთი ვაჟი იქნებოდა. მასთან ერთად 11 გოგონა სწავლობდა, რომლებიც, მისი თქმით, მუდმივად მხარში ედგნენ, როგორც ძმას ისე იღებდნენ და თბილსა და ჯანსაღ სასწავლო ატმოსფეროს უქმნიდნენ.
ფელიქს მარტიროსიანი ხშირად ყოფილა ყურადღების ცენტრში სწორედ იმის გამო, რომ უნივერსიტეტის ისტორიაში პირველი ვაჟი იყო, ვინც ფილოლოგიის ფაკულტეტი აირჩია. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ამას სწავლაში ხელი არასდროს შეუშლია.
„ეს ვერ იქნება უარყოფითი ფაქტორი იმისთვის, რომ სწავლას მოვცდე“, – ხაზს უსვამს ის.
უკვე სამი წელია, რაც ფელიქსი სოფელ გომანის საჯარო სკოლაში ორენოვანი პროგრამის მასწავლებლად მუშაობს. ის ასწავლის საგანს „მე და საზოგადოება“. მისი აზრით, დღეს ფილოლოგიური განათლების მქონე ვაჟებს დიდი უპირატესობა აქვთ, რადგან სკოლებში მამაკაცი პედაგოგების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა.
ფელიქსის თქმით, მისი არჩევანი გარემოცვამ დადებითად მიიღო.
„ჩემმა გარემოცვამ ძალიან ნორმალურად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სკოლაში, რადგან ჩემს მისვლამდე იქ მხოლოდ ორი მამაკაცი მასწავლებელი მუშაობდა“, – აღნიშნავს ის.
ამავდროულად, ის სექტორში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს:
„სამსახურის ძებნისას ხშირად ითხოვენ სამუშაო გამოცდილებას, მათ შორის ახალდამთავრებული სპეციალისტებისგანაც. გარდა ამისა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როდესაც უკვე დავაგროვე 60 კრედიტი ინკლუზიური განათლებისა და მასწავლებლის მომზადების გამოცდებით, სკოლებში მაინც ითხოვენ საგნობრივ 10-კრედიტიან მომზადების სერტიფიკატს“, – ამბობს ფელიქსი.
მისივე თქმით, მასწავლებლის ხელფასი ოჯახის შესანახად საკმარისი არ არის, ამიტომ ის პარალელურად სოფლის მეურნეობითაც არის დაკავებული. მიუხედავად ამისა, ის საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე არ ფიქრობს.
30 წლის ფელიქს მარტიროსიანი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და მომავალში სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას გეგმავს.
მისი მთავარი გზავნილი ახალგაზრდა ბიჭებისადმი მიმართულია:
ფილოლოგია სირცხვილი არ არის. ბიჭებს ვურჩევ, აირჩიონ ეს განყოფილება. ფილოლოგიური განათლება ადამიანს მხოლოდ სკოლაში მუშაობით არ ზღუდავს; საქართველოში მრავალი სფეროა, სადაც სწორედ ფილოლოგიური განათლებით არის შესაძლებელი მუშაობა“.
ის ასევე ხაზს უსვამს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მნიშვნელობას ჯავახეთელი სომეხი სტუდენტებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ სწავლის საფასური იგივეა, ახალქალაქში, უნივერსიტეტის მიმდებარედ, არის საერთო საცხოვრებელი, რაც ძალიან მოსახერხებელია სტუდენტებისთვის. გადასახადი თვეში მხოლოდ 10 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მესამე კორპუსის არსებობის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მუნიციპალიტეტი უფარავს სოციალურად დაუცველ ან დედ-მამით ობოლ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასურს — 1125 ლარს. ფაკულტეტის დახურვის შემთხვევაში, ბევრმა სტუდენტმა, ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა საერთოდ თქვას უარი განათლების მიღებაზე“, – აღნიშნავს ის.
ფელიქსი იხსენებს, რომ მისი მეოთხე კურსის დასრულების შემდეგ, ფილოლოგიის განყოფილებაზე კიდევ ერთმა ვაჟმა სტუდენტმა შეიტანა განაცხადი, რაც მას მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესად მიაჩნია.
ფელიქს მარტიროსიანი არ ნანობს თავის არჩევანს და ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, კვლავ იმავე გზას აირჩევდა.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან