საქართველოში გრძელდება ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვას, სატყეო რესურსებზე დატვირთვის შემცირებასა და სათბური აირების ემისიების კლებას. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აბონენტებსაც.

პროგრამა ხორციელდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, „სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის გზით“ საგრანტო შეთანხმების ფარგლებში.

პროგრამის ძირითადი მიზანია, გათბობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებით, ხელი შეუწყოს ენერგოეფექტურ ღუმელებზე საზოგადოებრივი მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე გარემოს დაცვას სოფლად, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და უკანონო ტყეკაფვის შემცირებას.

პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელმისაწვდომია რეგიონების მაცხოვრებლებისთვის. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მისით სარგებლობა შეუძლიათ იმ სოფლების მაცხოვრებლებს, სადაც ბუნებრივი აირი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მუნიციპალიტეტის თხუთმეტი სოფელი ამჟამად გაზიფიცირებული არ არის.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც წარმოადგენს ერთ შინამეურნეობას, შეუძლია მიიღოს თანადაფინანსება ერთი ენერგოეფექტური ღუმელის შესაძენად.

სტანდარტული თანადაფინანსება შეადგენს ღუმელის ღირებულების 50%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.

მაღალი თანადაფინანსება, ღირებულების 75%-ის ოდენობით (მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა), გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ღუმელი მონტაჟდება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ან თუ ბენეფიციარი იღებს გარკვეული სახის სოციალურ დახმარებას. ამ კატეგორიებს მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც იღებენ:

სახელმწიფო პენსიას;

სოციალურ შემწეობასა და სუბსიდიას;

კომპენსაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;

დახმარებას მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის;

კომპენსაციას მარჩენალდაკარგულთათვის;

დახმარებას იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;

დახმარებას სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტებისა და ოჯახებისთვის;

სოციალურ დახმარებას მიწისქვეშა სამთო-მოპოვებით სამუშაოებზე დასაქმებულთათვის.

თანადაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ ის ენერგოეფექტური ღუმელები, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ ტექნიკურ კრიტერიუმებს. ასეთი ღუმელების მწარმოებლებისა და მომწოდებლების, ასევე პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდზე: rda.gov.ge.

იმის დასადასტურებლად, რომ მათ მიერ წარმოებული ღუმელი აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, მწარმოებელი ვალდებულია წარადგინოს ლაბორატორიული დასკვნა.

დამატებითი ინფორმაციისა და დახმარებისთვის, პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს.

განაცხადის წარდგენის პროცედურა
თანადაფინანსების მისაღებად, მწარმოებელმა სოფლის განვითარების სააგენტოში უნდა წარადგინოს შესაბამისი განაცხადი და დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რაიმე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ამის შესახებ და მას ეძლევა 20 სამუშაო დღე მათ გამოსასწორებლად. თუ ხარვეზები დადგენილ ვადაში არ გამოსწორდა, განაცხადი უარყოფილი იქნება.

თუ განაცხადი შეესაბამება პროგრამის პირობებს, ფორმდება ხელშეკრულება, ხოლო ლაბორატორიული დასკვნის არსებობის შემთხვევაში, ბენეფიციართან იდება სამმხრივი ხელშეკრულება.

თანადაფინანსება ან ხარჯების ანაზღაურება გაიცემა უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს ენერგოეფექტური ღუმელის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

ვალდებულებები და შეზღუდვები
თანადაფინანსების მიღების შემდეგ, ენერგოეფექტური ღუმელი ხუთი წლის განმავლობაში არ უნდა იქნას გასხვისებული. ასევე, ხუთი წლის განმავლობაში ღუმელი არ უნდა გადაიტანონ სხვა მისამართზე. მისამართის შეცვლის შემთხვევაში, აუცილებელია სააგენტოს ინფორმირება და ნებართვის მიღება ღუმელის ახალ მისამართზე დასამონტაჟებლად (გარდა მომთაბარე მეურნეობებისა).

პროგრამა ხორციელდება პროექტის — „სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ტყეების დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიების შემცირების მიზნით“ — ფარგლებში.