7-8 თებერვალს, გორში გაიმართა ცოტნე ბარამიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელშიც მონაწილეობა ახალქალაქელმა სპორტსმენებმაც მიიღეს.

ახალქალაქი ტურნირზე სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი: სარგის კარახანიანი (85 კგ), გევორგ აბოვიანი (48 კგ) და მიჰრან მოსოიანი (85 კგ). მათ ნორაირ კრჯაციანი წვრთნის. მიჰრან მოსოიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

განსაკუთრებით წარმატებულები გორელი სპორტსმენები იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი მედალი – ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო აიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე ადგილი ყაზახეთმა მოიპოვა, ხოლო მესამე – სომხეთმა. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილების მფლობელები თასებით, მედლებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ცოტნე ბარამიძის მემორიალური ტურნირი პირველად სამი წლის წინ ჩატარდა, წელს კი შეჯიბრმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გუნდების გარდა, გორს საბერძნეთის, ისრაელის, ყაზახეთისა და სომხეთის გუნდებიც ეწვივნენ. გორის სპორტის სასახლეში გამართულ ტურნირში ხუთი ქვეყნის 300-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ისინი მედლებისთვის ვაჟთა 10 და გოგონათა 4 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.