ახალქალაქი მდიდარია თავისი მრავალფეროვანი სოფლებით და, განსაკუთრებით, თითოეულ სოფელთან დაკავშირებული ისტორიებით. ჩვენი სოფლები გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი უნიკალური დიალექტით, არამედ ყურადღებას იპყრობს თავისი გამორჩეული სახელწოდებებითა და მათი განმარტებებით.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად არიან ინფორმირებულნი თავად სოფლის მცხოვრებლები საკუთარი სოფლების სახელწოდებების წარმოშობისა და მათი მნიშვნელობის შესახებ -როგორც იდენტობის მნიშვნელოვანი კომპონენტის -Jnews ახალქალაქის რაიონის ყველა სოფლის მცხოვრებელს ესაუბრა. წარმოდგენილ სახელწოდებებს შესაძლოა არ ჰქონდეს ოფიციალური ან ისტორიული საფუძველი; ჩვენ უბრალოდ ვაქვეყნებთ იმას, რაც უშუალოდ მოსახლეობამ იცის საკუთარი სოფლების შესახებ.

ბარალეთი: სახელწოდება „ბარალეთს“ ქართული წარმოშობა აქვს. „ბარი“ ნიშნავს ვაკეს, დაბლობს, ხოლო „-ეთი“ ქართული დაბოლოებაა, რომელიც ტერიტორიას აღნიშნავს. რელიეფის სიმსწორის გამო სოფელს ეწოდა ვაკე ადგილი — ბარალეთი. ვახუშტი ბაგრატიონის წიგნში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ბარალეთი VII საუკუნეში მოხსენიებულია როგორც ქალაქი. ისტორიკოს აშოტ მელქონიანის განმარტებით, ძველი სახელწოდება მოიხსენიებოდა როგორც „ბარალისი“ ან „ბარი ლუის“ (სომხურად: კეთილი ნათელი), რაც მოგვიანებით შეიცვალა და მიიღო ბარალეთის ფორმა.

ბეჟანო: ამ სოფლის სახელი ადრე იწერებოდა როგორც „ბუჟანო“, რაც ნიშნავს „მკურნალს“. XI საუკუნეში საქართველოს დედოფალს ამ სოფლის ბუნებრივი წყაროების წყალი დაულევია და უთქვამს – „მკურნალიაო“. 1920 წლამდე სოფელს ბუჟანო ერქვა. ბეჟანოს ადრე „ჭანჭყაც“ ერქვა. ეს სახელი იქიდან წარმოიშვა, რომ ადგილი წყალუხვია და წყალი ძალიან გემრიელია. აქ გადმოსახლებულ გლეხებს წყლის დალევისას უთქვამთ „ჯან წყალი“ (სულიერი/მაცოცხლებელი წყალი), რაც შემდგომში „ჭანჭყად“ გარდაიქმნა.

ბუზავეთი: ისტორიის თანახმად, სოფელ ბუზავეთის სახელწოდება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე ბზიკების/ბუზების დიდ რაოდენობასთან და მათ ბზუილთან.

ბოზალი (პოზალი): მოცემული სოფლის სახელწოდების ისტორია, მცხოვრებთა თქმით, სათავეს 1923 წლიდან იღებს, როდესაც ამ ტერიტორიაზე ალი სახელის მქონე თურქი ცხოვრობდა, რომელსაც იაილა (საძოვარი) ჰქონდა. რადგან მას წითური თმა ჰქონდა — „პოზ“ (ბოზ), მეზობლები ამბობდნენ: „წავიდეთ პოზ ალის იაილაზეო“. დროთა განმავლობაში ამ გამოთქმიდან ჩამოყალიბდა სახელწოდება პოზალი (ბოზალი).

ბუღაშენი: სახელწოდება „ბუღაშენის“ შესახებ ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, იგი მომდინარეობს სიტყვა „ბუღა“-დან, რაც ხარს ნიშნავს. მეორე ვერსიით კი, სახელი უკავშირდება სიტყვა „ბუღ“-ს (ორთქლი/ბუღი), რადგან პირველი დასახლებულების ჩამოსვლისას ტერიტორია მთლიანად ნისლში იყო გახვეული.

გოგაშენი: ყვებიან, რომ ძველად აქ ერთი გოგონა წამებით მოკლეს და სწორედ ფრაზიდან „გოგოშენი“ (გოგოს მიერ აშენებული/გოგოს სოფელი) ჩამოყალიბდა სოფლის სახელი – გოგაშენი.

გომანი: პირველი ვერსიით, დასავლეთ სომხეთში, ერზრუმის პროვინციაში, არსებობდა დასახლება სახელწოდებით „გომქი“, საიდანაც ამ სოფლის წინაპრები 1830-იან წლებში გადმოსახლდნენ. მეორე ვერსიით, სოფლის მაცხოვრებლები თავდაპირველად უკვე არსებულ სოფელ არაგვაში დასახლდნენ, ხოლო შემდეგ, დაახლოებით 1830-1835 წლებში, უფრო მაღლა ავიდნენ, სადაც ნახევრად დანგრეული გომები (ბოსლები) დახვდათ. სავარაუდოდ, იქ ადრეც ცხოვრობდნენ ადამიანები. შესაძლოა, სიტყვა „გომ“-ს დაემატა სუფიქსი „-ან“ და გახდა გომანი.

გუმბურდო: „გუმბურდო“ თურქულიდან ნიშნავს – „მზე აქ არის“. ამბობენ, რომ სოფლის ეკლესია იმდენად მაღალი იყო, რომ მზის ამოსვლისას ტაძრის ჩრდილი უამრავ სახლს ეფინებოდა და ხალხი ამბობდა – მზე აქ არისო.

დადეში: მცხოვრებთა თქმით, მათი სოფლის სახელი წარმოიშვა თურქული სიტყვიდან „დაი-დეშ“, რაც თარგმანში „მთის ფერდობს“ ნიშნავს.

დავნია: ამ დასახლების სახელწოდებასთან დაკავშირებით რაიმე ზუსტი განმარტება არ არსებობს. სოფლის უხუცესების თქმით, სახელწოდება თურქულია და „ვაკეს“ ნიშნავს.

სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთა გადმოცემები მოწმობს, რომ ახალქალაქის რაიონის სოფლების სახელწოდებათა წარმოშობა ძირითადად ზეპირსიტყვიერი ტრადიციითაა შემონახული და ხშირად რამდენიმე ვერსიას მოიცავს.

Jnews-მა ამ კვირას 10 სოფლის სახელწოდების წარმოშობის შესახებ მოკლე ინფორმაცია შეარჩია. ამიერიდან, ყოველ კვირას, პერიოდულად სხვა სოფლების ისტორიებსაც შემოგთავაზებთ.

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია თქვენი სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ და შეგიძლიათ დამატებითი ცნობების გაზიარება, Jnews მზადაა ისინიც შეიტანოს და მასალა რეგულარულად განაახლოს.

ფოტოზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის ჯერ კიდევ რესტავრირებული ეკლესია.

ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან