15-20 წელიწადში ეს მაჩვენებელი საგანგაშო გახდება. ადამიანები უფრო სწრაფად გადიან პენსიაზე, ვიდრე ახალი თაობა შედის შრომის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვან დანაკარგებს იწვევს“, – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სოციოლოგმა და ეკონომისტმა პაატა აროშიძემ.
საუბარია ქვეყანაში ასაკით პენსიონერთა რაოდენობის ზრდაზე, რაც, სოციოლოგის თქმით, შობადობის კლებასთან ერთად, ერის დაბერების ნიშანია.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 888 518 პენსიონერი იყო, რაც მოსახლეობის თითქმის 24%-ს შეადგენს.
უფრო მეტი სიცხადისთვის, პენსიონერთა წილი მოსახლეობაში წლების მიხედვით ასე იცვლებოდა:
2024 წელი: 23.4% (864 312 ადამიანი),
2023 წელი: 22.4% (838 097 ადამიანი),
2022 წელი: 22.0% (808 326 ადამიანი),
2021 წელი: 21.3% (793 751 ადამიანი).
პაატა აროშიძის თქმით, ეს ტენდენცია ყველაზე თვალსაჩინო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაშია. ის ამატებს ასევე, რომ სოფელში მეტწილად 60-65 წელს გადაცილებული ადამიანების ამარაა დარჩენილი.
ეს შეიძლება შეფასდეს როგორც დემოგრაფიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. დემოგრაფიულად, როდესაც ხანდაზმული მოქალაქეების წილი მთლიან მოსახლეობაში იზრდება, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ეს ნიშნავს, რომ დაბერების პროცესი აჭარბებს ახალშობილთა რიცხვის ზრდას. ამან შეიძლება დაუყოვნებლივ არ იმოქმედოს ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე, მაგრამ გარკვეულ პერიოდში აუცილებლად იქონიებს გავლენას. მაგალითად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობის 4%-იანი ზრდა ვიხილეთ და თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, 15-20 წელიწადში ეს მაჩვენებელი საგანგაშო გახდება“.
ეკონომიკური პერსპექტივის მხრივ, ეს საკითხი სამუშაო ძალას უნდა დავუკავშიროთ. ადამიანები უფრო სწრაფად გადიან პენსიაზე, ვიდრე ახალი თაობა შედის შრომის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვან დანაკარგებს იწვევს.
მაგალითად, სოფლის მეურნეობის ჩამორჩენის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ფერმერულ მეურნეობებში ახალი სამუშაო ძალა თითქმის არ შედის. ახალგაზრდები ამჯობინებენ დატოვონ სოფლები, გადავიდნენ ქალაქში და იმუშაონ მომსახურების სფეროში, ვიდრე დასაქმდნენ აგრარულ სექტორში, სადაც რეალური მატერიალური დოვლათი იქმნება.