საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სახელმწიფო ენის სწავლებაა. ენის ცოდნა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, ის სამოქალაქო მონაწილეობის, საგანმანათლებლო წინსვლისა და სოციალური მობილობის საფუძველია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 295 არაქართულენოვანი სკოლა მოქმედებს.

Jnews-მა შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ იმ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას. პროგრამების ისტორიული განვითარების გზისა და მათი ეფექტურობის უკეთ გასაგებად, ჩვენ ვესაუბრეთ ქართული ენის უფროს მასწავლებელს, შორენა თეთვაძეს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მოქმედ ძირითად პროგრამებს, რომლებიც გათვლილია არაქართულენოვანი სკოლებისთვის: ბილინგვური განათლება, დამხმარე მასწავლებლების პროგრამა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლა და 1+4 (ამჟამად 1+3) პროგრამა. განხილულია მათი დადებითი მხარეები, არსებული გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები.

ბილინგვური (ორენოვანი) განათლება
ეს პროგრამა მოიცავს სახელმწიფო სტანდარტების დანერგვას ეთნიკური უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში. მისი მიზანია არაქართულენოვანი სკოლების სრულფასოვანი ჩართვა საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე ყველა რეფორმაში, ისევე როგორც ეს ქართულენოვან სკოლებში ხდება.

თავდაპირველად, სკოლებში ბილინგვური განათლება ეუთო-ს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა. პროგრამა გათვლილი იყო არა მაღალი, არამედ მე-5 და მე-6 კლასებისთვის, მოგვიანებით კი მას მე-4 კლასიც დაემატა. იმ პერიოდში ბილინგვურ განათლებას დღევანდელისგან განსხვავებული ფორმატი ჰქონდა.

2020 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო ბილინგვური განათლების აქტიური ხელშეწყობა მე-2  მე-6 კლასებში შემდეგ საგნებში:

  • მათემატიკა
  • „მე და საზოგადოება“
  • ბუნებისმეტყველება
  • ხელოვნება
  • პროგრამას ასევე დაემატა საგანი „ჩვენი საქართველო“.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს არაერთი სირთულე ახლავს, ამჟამად არსებობს მრავალი კვლევა, მათ შორის საერთაშორისო, რომლებიც ბილინგვურ განათლებას ენობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით პრიორიტეტულად და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. კვლევები ხაზს უსვამს ბილინგვური განათლების თავისებურებებს: განსხვავებული და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, ენობრივი აღქმისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას“.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ბილინგვური განათლება ხელს უწყობს მულტილინგვური აზროვნების განვითარებას. მონოლინგვებთან (ერთენოვნებთან) შედარებით, ორენოვანი ბავშვები უკეთ ითვისებენ და იყენებენ სიტყვების სემანტიკას, მაშინ როცა მონოლინგვებში უფრო მეტად სიტყვების აკუსტიკური აღქმაა განვითარებული. ბილინგვალ მოსწავლეებს აქვთ უფრო ფართო ლექსიკური მარაგი, რაც ხელს უწყობს თავისუფალ აზროვნებას, მოქნილობას, კრეატიულობასა და ორიგინალურობას. ისინი უკეთ აკავშირებენ და აანალიზებენ სხვადასხვა ისტორიებს და, სპეციალისტების აზრით, საშუალოდ 2–3 წლით უსწრებენ მონოლინგვებს.

განათლების სფეროს ექსპერტის რწმენით, ეს უნარები ხელს უწყობს მოსწავლეების გააქტიურებას, რის შედეგადაც ისინი მომავალში უფრო მარტივად ერთვებიან სამოქალაქო ცხოვრებაში და ახდენენ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

„დადებითი მხარეების მიუხედავად, ბილინგვური განათლების სფეროში არსებობს სერიოზული პრობლემებიც: ორენოვანი მასწავლებლების ნაკლებობა და შესაბამისი სახელმძღვანელოების დეფიციტი. მიუხედავად იმისა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა, პრიორიტეტული მაინც მასწავლებლების მომზადება და გადამზადებაა. პედაგოგებმა უნდა შეძლონ საგანმანათლებლო რესურსების დამოუკიდებლად შექმნა, სხვადასხვა აქტიური მეთოდის გამოყენება და მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა“.

შორენა თეთვაძე ასევე ხაზს უსვამს საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ შიშებს, რომლებიც უკავშირდება საგნებისა და მშობლიური ენის არასრულყოფილად ათვისებას, ასევე მასწავლებლების შეშფოთებას სასწავლო საათების დაკარგვის გამო. არსებობს მოსაზრებაც, თითქოს სწავლება სრულად გადავა ქართულ ენაზე.

„ამ წუხილების შესამსუბუქებლად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აქტიური შეხვედრები გამართა მასწავლებლებთან და მშობლებთან“, – აღნიშნა მან.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“
მასწავლებლების ნაკლებობა შეიმჩნევა როგორც მთიან რეგიონებში, ისე სხვა ადგილებშიც, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ამ ვითარების გამოსასწორებლად შეიქმნა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რადგან განათლებას შეუძლია ხელი შეუწყოს მიგრაციის შემცირებას და გახდეს უკეთესი მომავლის საწყისი.

„ეს პროგრამა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, რადგან დამხმარე მასწავლებლები ძირითად პედაგოგებთან ერთად ატარებენ გაკვეთილებს. ისინი იყენებენ სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ და კლასგარეშე აქტივობებს, მათ შორის ექსკურსიებს, რაც სწავლებას უფრო ეფექტურს ხდის და ხელს უწყობს ენობრივი უნარების გაუმჯობესებას. თუმცა, აქაც ვაწყდებით სპეციალისტების დეფიციტს, ვინაიდან ბევრი მასწავლებელი გადამზადდა ბილინგვური პროგრამისთვის და დაიწყო სკოლებში დამოუკიდებლად სწავლება“.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
„სკოლაში ქართული ენა უფასოდ ისწავლება. პროგრამაში აქტიურად მონაწილეობენ 16 წელზე უფროსი ასაკის მოსწავლეები და მოქალაქეები. ქართულის სწავლება ხორციელდება სხვადასხვა დონეზე – A1-დან B2-მდე, მათ შორის B1+ დონეზეც. სკოლა ასევე სთავაზობს სწავლებას ადმინისტრირების მიმართულებით, სადაც ჩართულნი არიან სოციალური მუშაკები.

მსგავსი ცენტრები მეტი რომ იყოს, ინტეგრაცია ცალსახად უფრო სწრაფად წარიმართებოდა. ჟვანიას სკოლა დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ყოველწლიურად გადიან გადამზადების კურსებს. სკოლა არასდროს დგას ერთ ადგილზე, ის მუდმივად წინ მიდის და ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს“, — ხაზს უსვამს შორენა თეთვაძე.

1+4 (ამჟამად 1+3) პროგრამა
„ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პროგრამაა. აბიტურიენტები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გამოცდებს მშობლიურ ენაზე, ზოგადი უნარების ნაწილში აბარებენ. ჩარიცხვის შემდეგ ისინი ერთი წელი სწავლობენ ქართულ ენას და ამის შემდეგ აგრძელებენ საუნივერსიტეტო განათლებას.

პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, დარჩნენ სამშობლოში და არ წავიდნენ ემიგრაციაში. წარსულში, როდესაც ეს პროგრამა არ არსებობდა, მრავალი განათლებული ახალგაზრდა იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. ეს ინიციატივა ხელს უწყობს სამუშაო ძალის შენარჩუნებასა და ქვეყნის განვითარებას, განსაკუთრებით მაღალი მიგრაციის პირობებში.

ამჟამად 1+4 პროგრამა 1+3-ად გარდაიქმნა ბაკალავრიატის ხანგრძლივობის შემცირების გამო. კადრების დეფიციტის მიუხედავად, არსებული მონაცემები პროგრამის ეფექტურობაზე მოწმობს. ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაშია ხილვადი.

აუცილებელია უწყვეტი დიალოგი საგნის სპეციალისტებთან, ბენეფიციარებთან და პროგრამის კურსდამთავრებულებთან, რათა გამოიკვეთოს პრობლემები და ეტაპობრივად გადაიჭრას ისინი. მომავალი ნაბიჯების დაგეგმვისთვის მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია საკვანძოა.

პროგრამის გაუქმება არ იგეგმება; ის კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას 1+3 ფორმატით.

ექსპერტების აზრით, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ მათ თან ახლავს მასწავლებლების უწყვეტი გადამზადება, თემებთან ღია დიალოგი და გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ამ ოთხმა პროგრამამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო და დიდ როლს ასრულებს ინტეგრაციის პროცესში, მაინც არსებობს არაერთი ფაქტორი, რომლებზე ყურადღების გამახვილებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენის სრულფასოვანი ათვისებისა და ეფექტური ინტეგრაციისთვის:

ქართულენოვანი გარემოს გავლენა: ბავშვები და ახალგაზრდები ხშირად ვერ ხვდებიან ბუნებრივ ქართულენოვან გარემოში, რაც ანელებს ენის ათვისებასა და ინტეგრაციას.

საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი განათლების ხარისხი: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა და ხარისხი გადამწყვეტია ადრეულ ეტაპზე ენის შესასწავლად.

ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა: სოფლებიდან მოსწავლეებისა და მოზრდილების მონაწილეობა ცენტრალიზებულ პროგრამებში (მაგალითად, ჟვანიას სკოლაში) ხშირად გართულებულია.

მასწავლებლების ნაკლებობა და პროფესიული მომზადება: ბილინგვური განათლებისთვის საჭიროა საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის მოტივირებული პედაგოგები, რომლებსაც აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენება შეუძლიათ.

სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების შეზღუდულობა: ბევრ სკოლაში არ არის თანამედროვე, ბილინგვური სწავლებისთვის განკუთვნილი მასალები.

პროფესიული ტერმინოლოგიის ათვისება: სტუდენტები ხშირად ვერ ასწრებენ პროფესიული ლექსიკის სრულყოფილად დაუფლებას, რაც ზღუდავს მათ შემდგომ პროფესიულ კვალიფიკაციას.

ენობრივი მომზადებისა და პროფესიის თანაზომიერება: საუნივერსიტეტო სწავლებისას ენის ფლობა შესაბამისობაში უნდა იყოს პროფესიულ უნარებთან, რათა სტუდენტები სრულფასოვან სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ.

ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან