სოფელ ოკამის სადღესასწაულო დარბაზი უკვე დიდი ხანია უყურადღებოდაა მიტოვებული. მცხოვრებლების თქმით, დარბაზი ელემენტარულ პირობებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. არ არის საკმარისი რაოდენობის ჭურჭელი, სამზარეულოში არ არსებობს საკვების მომზადებისა და ჰიგიენის ნორმალური პირობები, ხოლო სველი წერტილი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სიტუაცია განსაკუთრებით პრობლემური ზამთრის თვეებში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ შენობას სახურავი აქვს, შიგნით წყალი მაინც გროვდება და იყინება, ტემპერატურის მცირედი მატებისას კი ჭერიდან წვეთავს, რაც სახიფათო და არაკომფორტულ გარემოს ქმნის.
ადგილობრივები ამ დარბაზს ძირითადად ქელეხებისთვის იყენებენ, რადგან სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. ჭურჭლის შეგროვება სხვადასხვა ადგილიდან უწევთ, ხოლო დანარჩენ პრობლემებს ყოველჯერზე საკუთარი ძალებით, სხვადასხვა გზით უმკლავდებიან.
„სახურავი სრულიად ახალი იქნება, შიგნითაც საფუძვლიანი სამუშაოები ჩატარდება“, — აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა უშანგი ოქროაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმება, ხოლო 2026 წელს შენობა ექსპლუატაციაში სრულად უნდა შევიდეს. სოფელ ოკამის სადღესასწაულო დარბაზის რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა ამ დროისთვის ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის. აქვე აღვნიშნავთ, რომ მეზობელი სოფლის, ქარცეფის სადღესასწაულო დარბაზის რემონტისთვის გამოყოფილია 440 ათასი ლარი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ოკამში ცალკე კლუბი ან კულტურის ცენტრი არ არსებობს, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში სასკოლო ღონისძიებებიც სწორედ ამ დარბაზში იმართებოდა.
ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან