8 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სურბ ეჯმიაწინ (წმინდა ეჯმიაწინის) ეკლესიის მიმდებარე სკვერში, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა დევიზით: „SOS! სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია საფრთხეშია“.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების ყოფილი დირექტორი და ცენტრ „ჰაიარტუნის“ ყოფილი ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი. აქციას შეუერთდნენ თბილისის სომხური თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, სხვადასხვა ორგანიზაციები და ეკლესიის მხარდამჭერი მოქალაქეები.
აქციის განმავლობაში ორგანიზატორების მიერ გაჟღერებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ:
ბოლო თვეების განმავლობაში სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია განიცდის ზეწოლას სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან.
განცხადების თანახმად, ხელი ეშლება მორწმუნეთა ნორმალურ სულიერ ცხოვრებას და ირყევა ეკლესიის ინსტიტუციური საფუძველი.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და მღვდლები განიცდიან დევნას და დაკავებულნი არიან ყალბი ბრალდებებით.
აქციის დასაწყისში, მამა კირაკოს სიმონიანმა დამსწრეებს მოუწოდა შეკრება უფლის ლოცვით დაეწყოთ, შემდეგ კი ყველას ერთიანობისა და დედაეკლესიის დაცვისკენ მოუწოდა:
„სინამდვილეში, დღეს ჩვენი – ჭეშმარიტი ეკლესიის ერთგული მორწმუნეების -სულები სიკვდილამდეა დამწუხრებული, რადგან ჩვენს თვალწინ იდევნება ჩვენი წმინდა ეკლესია, ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი მშობელი ეკლესია. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ე.წ. რეფორმების პროგრამაში ვხედავთ დევნილ ეკლესიას. რეფორმების სახელით ვერ მივიღებთ იმას, რომ ტყვეობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან. ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს სამშობლოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უდანაშაულოდ იდევნება. მე არ ვაღიარებ ბოროტების ძალას, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ეკლესიაშიც შემოაღწია. მართლაც, ამ ბოროტების ძალამ კონკრეტული პირების, ბრჭყალებში ნათქვამი „რეფორმატორების“ მეშვეობით, ჩვენს სასულიერო დასშიც შეაღწია. თითოეულ ჩვენგანს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ ეს დამღუპველი ქმედება“, – აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ინტელექტუალი და ისტორიკოსი ენოქ თადევოსიანი, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა, თუ რას წარმოადგენს ეკლესია სომეხი ხალხისთვის. აქციაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომხური თემის“ წარმომადგენლები.
აქციის დროს მონაწილეებმა სომხეთისა და საქართველოს დროშები აფრიალეს, აქციის სლოგანით ბანერები ეჭირათ და პატრიოტული სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიების მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე მსგავსი მასშტაბის ზეწოლა ისტორიის განმავლობაში მხოლოდ რუსეთის, ოსმალეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში დაფიქსირებულა. მათი დარწმუნებით, მიმდინარე პროცესები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ეკლესიის საქმიანობას, არამედ სრულიად სომეხთა ერთიანობას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ნაპრალს სომხეთსა და დიასპორას შორის და მორალურ დარტყმას აყენებს მილიონობით სომეხის ყველაზე წმინდა ღირებულებებს.
გამომსვლელებმა მოუწოდეს საქართველოს სომხური თემის ყველა წევრს, თავიანთი მონაწილეობით მხარი დაუჭირონ სრულიად სომეხთა დედაეკლესიას. მათ აღნიშნეს, რომ საუკუნეების განმავლობაში სწორედ სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია იყო ის საყრდენი სვეტი, რომლის წყალობითაც სომეხმა ხალხმა შეძლო ეროვნული იდენტობისა და სახის შენარჩუნება მსოფლიოში.
აქციამ მშვიდ ატმოსფეროში გაიმართა. ის გაჯერებული იყო სოლიდარობის მოწოდებებითა და ეკლესიის როლის მნიშვნელობაზე გაკეთებული აქცენტებით.