კავკასიაში უხსოვარი დროიდან ცხოვრობს ერთი საშინელი „ურჩხული“. მას არ აქვს სახე, მაგრამ აქვს ძალაუფლება. მას არ აქვს ხმა, მაგრამ ის ყველას აიძულებს დუმილს. მისი სახელი ყველამ იცის: „რას იტყვის ხალხი?“. ამ ურჩხულმა ათასობით ბედი დაღუპა. ის ანგრევდა ოჯახებს, ადამიანებს ართმევდა სიყვარულს, თავისუფლებას, არჩევანს და საკუთარი თავის ყოფნის უფლებასაც კი. ის თაობიდან თაობას გადაეცემა – არა როგორც ბრძნული ტრადიცია, არამედ როგორც პარალიზებადი შიში.

ფსიქოლოგიაში ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც საზოგადოებრივი აზრის შიში – სოციალური შფოთვის ფორმა, რომლის დროსაც გარეგანი შეფასება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ადამიანის შინაგანი გრძნობები და საჭიროებები.

ახალქალაქში ეს შიში უფრო მეტს წყვეტს, ვიდრე პირადი სურვილები და ტკივილიც კი. ის განსაზღვრავს, როგორ იცხოვრო, ვის გაუყო ყოველდღიურობა, რა მოითმინო და რაზე იყვირო უხმოდ. ბავშვობიდან აქ ადამიანებს საკუთარი თავის მოსმენას კი არა, სხვების მოლოდინების გამოცნობას ასწავლიან: „ასე არ იხუმრო“, „ასე არ ილაპარაკო“, „მასთან არ იმეგობრო – დაგგმობენ“.

ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის, ვინ არის თვითონ, მაგრამ უკვე ითვისებს მთავარს: იყო ის, ვინც ხარ – საშიშია. ასე ყალიბდება არა ფესვების პატივისცემა, არამედ მუდმივი თვალთვალის ქვეშ ცხოვრების ჩვევა.

როდესაც არჩევანს შენ ნაცვლად აკეთებენ

წლებთან ერთად, ეს შიში ადამიანთან ერთად იზრდება. ადამიანები არ ქორწინდებიან მათზე, ვინც უყვართ. არა იმიტომ, რომ გრძნობები არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული „შეუფერებელია“: არასწორი ოჯახი, არასწორი გვარი, არასწორი სტატუსი.

ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს არის საკუთარ არჩევანზე უარის თქმა სხვების მოწონების სანაცვლოდ. დროთა განმავლობაში ასეთი გადაწყვეტილებები იწვევს შინაგან გამოფიტვას, ემოციურ სიცივესა და შეგრძნებას, რომ ცხოვრობ „არა შენი ცხოვრებით“.

ასე იბადება ქორწინებები სიახლოვის გარეშე, სახლები სითბოს გარეშე და ადამიანები, რომლებიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცხოები არიან. და ყოველივე ამის თავზე ერთი და იგივე განაჩენი ისმის: რას იტყვის ხალხი?

თავისუფლება, რომლისაც გრცხვენია

ახალქალაქში უმარტივესი რაღაცებიც კი ხდება საზოგადოებრივი განკითხვის მიზეზი. ახალგაზრდა გოგონას არ შეუძლია მშვიდად, მარტომ ისეირნოს – მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის მიდის და იხედება, რადგან ვიღაც აუცილებლად მიაჩერდება ზურგში: „რატომაა მარტო?“, „სად არის ქმარი?“, „რატომ სეირნობს?“.

ფსიქოლოგიაში ამ მდგომარეობას შინაგანი ზედამხედველობა ეწოდება – როდესაც საზოგადოებრივი კონტროლი ადამიანის შინაგანი დიალოგის ნაწილი ხდება. საკუთარ თავზე ზრუნვაც კი წესების დარღვევად აღიქმება.

ის, რაზეც ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება
ახალქალაქში ფსიქოლოგიური სირთულეების აღიარება მიღებული არ არის. აქ „დეპრესია არ არსებობს“, აქ „უბრალოდ დაიღალნენ“. ამიტომ, დეპრესია გაღიზიანებად ინიღბება, შფოთვა — უძილობად, პანიკური შეტევები კი — გულზე ჩივილებად. ადამიანი შიგნიდან ნელ-ნელა ინგრევა, მაგრამ დუმს. რადგან, თუ ხმას ამოიღებს — რას იტყვის ხალხი?

არსებობს თემებიც, რომელთა შემჩნევასაც საერთოდ არიდებენ თავს. ქალაქში ცხოვრობენ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები. ისინი მუშაობენ, სწავლობენ, ქმნიან ურთიერთობებს, თუმცა იძულებულნი არიან, საკუთარი იდენტობა დამალონ. არა იმიტომ, რომ ცოტანი არიან, არამედ იმიტომ, რომ აქ მათი გამოჩენა კვლავინდებურად სახიფათოა. მიუღებლობა მათ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრებას აიძულებს, რაც პირდაპირ კავშირშია ქრონიკულ შფოთვასთან, მარტოობასა და დეპრესიულ მდგომარეობებთან.

მოთმინება ნიშნავს, იყო „ნორმალური“
ამ დუმილის განსაკუთრებული ფასი ოჯახებში გადაიხდება. ქალები წლობით ითმენენ დამცირებასა და ძალადობას. ამის შესახებ იციან მეზობლებმა, ხვდებიან ნათესავები, მაგრამ ხმამაღლა – სიჩუმეა. ჩალურჯებებს გრძელი სახელოების ქვეშ მალავენ, ტკივილს კი ფრაზების — „თვითონ არის დამნაშავე“ ან „შემთხვევით დაეჯახა“ –  მიღმა. თუ ქალი სიმართლის თქმას გაბედავს, მხარდაჭერის ნაცვლად ხშირად ესმის: „ოჯახის ამბავი გარეთ რატომ გაიტანე?“.

ფსიქოლოგიურად ეს აყალიბებს შეძენილ უმწეობას – მდგომარეობას, როდესაც ადამიანს აღარ სჯერა, რომ საკუთარი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

იგივე ეხება დამოკიდებულებებსაც. ალკოჰოლი, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, ღალატი – ეს ყველაფერი არსებობს, თუმცა მკურნალობის ნაცვლად მათ დამალვას ამჯობინებენ.

ფრაზა – „რას იტყვის ხალხი“ – პრობლემას არ აქრობს. ის მხოლოდ ნაგავს ხვეტს ხალიჩის ქვეშ და კეთილდღეობის ილუზიას ქმნის. თუმცა რღვევა არსად ქრება – ის კვლავ განაგრძობს მოქმედებას შიგნიდან.

ეპილოგი: როდესაც დუმილი სახიფათო ხდება
საზოგადოებრივი აზრის შიში – ეს არც უწყინარი ჩვევაა და არც კულტურის ნაწილი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის ქრონიკული შინაგანი დაძაბულობის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი წლობით ცხოვრობს საკუთარ თავთან კონფლიქტში.

როდესაც ადამიანი მუდმივად ორიენტირებულია იმაზე, თუ „რას იტყვის ხალხი“, მისი ფსიქიკა თანდათან კარგავს საყრდენს. ჩნდება შფოთვითი აშლილობები, დეპრესიული მდგომარეობები, ფსიქოსომატური სიმპტომები, სიცარიელის განცდა და იდენტობის დაკარგვა. ადამიანი ვეღარ ხვდება, რა უნდა თავად, სად გადის მისი საზღვრები და სად არის მისი საკუთარი ცხოვრება.

დათრგუნული ემოციები არ ქრება – ისინი გროვდება. და მაშინ შიში გარეთ გამოდის სხეულის მეშვეობით, დამოკიდებულებებით, აგრესიის აფეთქებებით, ემოციური გამოფიტვითა და დანგრეული ურთიერთობებით. ამ „ურჩხულის“ ყველაზე სახიფათო ილუზია ის არის, რომ იგი უსაფრთხოებას გვპირდება. სინამდვილეში კი, ის ადამიანს ართმევს მთავარს – შინაგან თავისუფლებას და პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე. საზოგადოებრივი აზრი თქვენს ცხოვრებას არ ცხოვრობს და თქვენი გადაწყვეტილებების შედეგებზე პასუხს არ აგებს. შედეგები ყოველთვის თქვენთან რჩება –  სხეულში, ფსიქიკაში, მარტოობაში ან საკუთარი თავით კმაყოფილებაში. ადამიანი არ არის ვალდებული იყოს „მოხერხებული“, რათა იყოს ნორმალური. მას აქვს უფლება აირჩიოს, შეცდეს, წავიდეს, ილაპარაკოს, უყვარდეს და იყოს ის, ვინც არის.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ საკუთარ თავთან გულწრფელობაა. სწორედ ის აბრუნებს საყრდენის, მთლიანობისა და საკუთარი ცხოვრების ავტორობის განცდას.

საშინელი ის კი არ არის, რას იტყვის ხალხი. საშინელებაა ისე იცხოვრო, რომ საკუთარ თავსაც ვერ მოუსმინო.

ავტორი: სიუზანა ნორვარდიანი, ჟურნალისტი-ფსიქოლოგი