2026 წლის იანვარში საქართველოში კარტოფილის ფასი წლიურ ჭრილში 28%-ით გაიზარდა – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ადასტურებს. ფასების ზრდის ფონზე, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელი ქვეყნებიდან ხორციელდება კარტოფილის იმპორტი ქვეყანაში და სად გადის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს კარტოფილის იმპორტი წლიურ ჭრილში 83%-ით გაიზარდა. გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული იყო 9 947 ტონა კარტოფილი, რომლის ღირებულებამაც 4,4 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წელს – 6 443 ტონა (2,4 მილიონი დოლარის ღირებულების).

რაც შეეხება ფასებს, 2024 წელს საშუალო საიმპორტო ფასი 1 კილოგრამზე (გადასახადების გარეშე) 37 ცენტს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს ღირებულება 44 ცენტამდე გაიზარდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კარტოფილის იმპორტი წლიურ ჭრილში 19%-ით გაძვირდა.

2025 წელს კარტოფილის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:

თურქეთი – 6 706 ტონა (1,89 მლნ დოლარი);

გერმანია – 956 ტონა (1,26 მლნ დოლარი);

ეგვიპტე – 989 ტონა (563 ათასი დოლარი);

აზერბაიჯანი – 1 006 ტონა (416 ათასი დოლარი);

ნიდერლანდები – 221 ტონა (247 ათასი დოლარი).

საანგარიშო პერიოდში ასევე შეინიშნება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ზრდა. კერძოდ, 2025 წელს ექსპორტირებული იქნა 83 216 ტონა ქართული კარტოფილი, რომლის ღირებულებამაც 27,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს ექსპორტმა 35 002 ტონა (7,5 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. მონაცემები 263%-იან ზრდას აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული კარტოფილის საექსპორტო ფასი 57%-ით გაიზარდა. 2024 წელს საშუალო საექსპორტო ფასი 1 კგ-ზე (გადასახადების გარეშე) 21 ცენტს შეადგენდა, ხოლო 2025 წელს – 33 ცენტს.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული კარტოფილი ძირითადად შემდეგ 5 ქვეყანაში გავიდა:

რუსეთი – 20,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (50 347 ტონა);

აზერბაიჯანი – 4,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (25 062 ტონა);

ბელარუსი – 1,37 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (3 302 ტონა);

სომხეთი – 789 ათასი აშშ დოლარის ღირებულების (3 718 ტონა);

ყაზახეთი – 84 ათასი აშშ დოლარის ღირებულების (394 ტონა).