ახალქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა ცენტრს ფუნქციონირება დღემდე არ დაუწყია.
Jnews დაუკავშირდა შსს-ს, სადაც სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე ცენტრის გახსნის ვადებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლიათ.
სარემონტო სამუშაოების ტენდერში შპს „პერსპექტივამ“ გაიმარჯვა, რომლის საერთო ღირებულება 1,311,844 ლარს შეადგენდა. აქედან 796,425.79 ლარი ახალქალაქში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული, ხოლო 515,418.21 ლარი — ახალციხისთვის.
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი იყო 135 დღე, საიდანაც 60 დღე ახალქალაქისთვის იყო განკუთვნილი, 75 კი — ახალციხესთვის. ხელშეკრულება 2025 წლის 5 მაისს გაფორმდა. კომპანია „პერსპექტივას“ მენეჯერმა, ბექა წიკლაურმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ ახალ წლამდე დასრულდა.
ცენტრის დაკეტვამდე ადგილობრივებს მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ პარასკევობით შეეძლოთ, რის გამოც დიდი რიგები იქმნებოდა. ბევრ მოქალაქეს უწევდა რეგისტრაციის მომდევნო კვირისთვის გადატანა. ცენტრის მუშაობის შეჩერების შემდეგ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაცხოვრებლები მომსახურების მისაღებად იძულებულნი არიან ახალციხეში გაემგზავრონ, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული.
ახალქალაქის სერვისცენტრში ჩატარდა სრული კაპიტალური რემონტი, რაც მოიცავდა შენობის შიდა და ფასადის სამუშაოებს, ასფალტის დაგებასა და სხვა აქტივობებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სერვისცენტრი სარემონტო სამუშაოების გამო 2025 წლის 30 მაისს დაიხურა. ცენტრი მოქალაქეებს სთავაზობს მართვის მოწმობის გაცემის, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, იარაღთან დაკავშირებულ და სხვა ადმინისტრაციულ მომსახურებას.
ჰნაზიკ ავეტისიან