ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში პენსიონერთა რაოდენობა 888,5 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 70,4 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 29,6 პროცენტი მამაკაცი. პენსიონერთა 30,7 პროცენტი თბილისზეა, 15,5 პროცენტი იმერეთში, 10,3 პროცენტი ქვემო ქართლში, 10,2 პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8,5 პროცენტი კახეთში და სულ 24,8 პროცენტი დანარჩენ რეგიონებში.

საქსტატის მონაცემებით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 187,8 ათასი იყო, რომელთაგან 32,8 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67,2 პროცენტი მამაკაცი. სოციალური პაკეტის მინიჭების საფუძვლების 69,5 პროცენტში მიზეზი შეზღუდული შესაძლებლობები იყო, 17,5 პროცენტში – ომში მონაწილეობა, 10,9 პროცენტში – მარჩენალის დაკარგვის გამო ოჯახის წევრობა და 2,1 პროცენტში – სხვა საფუძვლები.

ამავდროულად, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობა 134,7 ათასს შეადგენდა. სოციალური პაკეტის მიმღებთა 27,6 პროცენტი თბილისზეა, 15,6 პროცენტი – იმერეთში, 12,6 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 9,3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში – სულ 34,9 პროცენტი.

გარდა ამისა, დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 397,1 ათასი იყო. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129,5 ათასი იყო, ხოლო საჯარო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა, რომელთათვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულია, 54,8 ათასი იყო. რეგიონული განაწილებით, რეგისტრირებული ოჯახების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზეა – 79,6 ათასი, საიდანაც 33,5 ათასი ოჯახი იღებს დახმარებას.