შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ორი პირი – 2003 წელს დაბადებული დ.მ. და 1954 წელს დაბადებული ს.მ., რომლებიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ ნასამართლევი. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე პირი ეჭვმიტანილის სახით იქნა დაკავებული.
„სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტში, დ.მ.-ის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 760 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“, ხოლო ს.მ.-ის სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას — ავტომატი, 2 პისტოლეტი და 26 ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.