2-დან 7 თებერვლის ჩათვლით, ფოთში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი კრივში 19 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის. შეჯიბრებაში ახალქალაქიდან მონაწილეობს შვიდი სპორტსმენი. ერთი გოგონა და ექვსი ვაჟი (17-18 წლის ასაკობრივი კატეგორია).

ჩემპიონატში საქართველოს ყველა რეგიონიდან 200-მდე ახალგაზრდა მოკრივე მონაწილეობს. ტურნირი ტარდება როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა შორის, თითოეული სქესისთვის 10 წონით კატეგორიაში. ახალქალაქელი შვიდი სპორტსმენიდან სამი ამ დროისთვის აგრძელებს ასპარეზობას. მათ შორის არის ერთი გოგონა, რომელიც ნახევარფინალში გადავიდა — ორთაბრძოლა ხვალ, 6 თებერვალს გაიმართება. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი 7 თებერვალს არის დაგეგმილი.

ჩემპიონატის მიზნები და ამოცანები:
საქართველოში კრივის პოპულარიზაცია;

ახალგაზრდების ჩართვა კრივის კლუბებში;

ეროვნული ნაკრები გუნდების ფორმირება და პერსპექტიული სპორტსმენების შერჩევა.

ჩემპიონატის მომზადებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია. შეჯიბრებაში მონაწილეობენ ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, ქალაქისა და რეგიონის გუნდები.

მოკრივეები ასპარეზობენ კრივის მსოფლიო ფედერაციის მიერ დამტკიცებულ წონით კატეგორიებში. ორთაბრძოლები შედგება სამი რაუნდისგან (თითოეული 3 წუთი), რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებით. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის კრივის სკოლა ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება საქართველოში. მას აღზრდილი ჰყავს არაერთი ეროვნული, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი.