ახალქალაქში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებმა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა სამხედრო ფიცი დადეს.

ოფიციალურ ცერემონიას მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. საუკეთესო რეკრუტებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში რეკრუტებმა გაიარეს ტაქტიკური და სასროლო მომზადება. მათ ასევე შეისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა. დღეიდან, როგორც საკონტრაქტო, ისე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.