PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში, 2025 წლის იანვართან შედარებით, მაჩვენებელი თითქმის 9%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება კონკრეტულ ფასებს, 2026 წლის იანვარში საოჯახო სასტუმროში ღამისთევის საშუალო ფასმა 107 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში — 152 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში — 229 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 5-ვარსკვლავიან სასტუმროების სეგმენტში დაფიქსირდა და მან 416 ლარი შეადგინა.

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ყველაზე მაღალი საშუალო ფასი მცხეთა-მთიანეთში (1016 ლარი), თბილისსა (535 ლარი) და კახეთში (518 ლარი) დაფიქსირდა.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო სასტუმროებისა — 5.7%-ით; ჯამურად, იანვარში ფასების ინდექსი 2025 წლის დეკემბერთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2025 წლის იანვართან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა, საოჯახო სასტუმროებისა — 4.4%-ით, ხოლო სასტუმროების საერთო ფასების ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9% შეადგინა.

კვლევაში წარმოდგენილი საშუალო ფასები მიღებულია თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასების მონიტორინგის შედეგად. ანალიზი ეფუძნება booking.com-ზე რეგისტრირებულ, სტრატიფიცირებული და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ 568 (3, 4 და 5-ვარსკვლავიან) სასტუმროსა და 371 საოჯახო სასტუმროს მონაცემებს. საშუალო ფასების გამოთვლა მოხდა მიმდინარე თვის განმავლობაში ხელმისაწვდომი სასტუმროების საფუძველზე.