ჯავახეთში არის ადგილები, რომლებიც ადამიანთა უმეტესობისთვის მეტწილად უცნობია. თუმცა, თავისი სიძველითა და იდუმალებით ეს ობიექტები კონკურენციას უწევენ ეგვიპტის პირამიდებსა თუ მაიას ტომების ძველ ტაძრებს.

საქართველოს მაღალმთიან კუთხეში, სომხეთის საზღვართან, მდებარეობს მკაცრი და ლამაზი ჯავახეთი. აქაური მიწა არაერთგვაროვანია: მაღალი უღელტეხილები, ცივი ქარები და კლდოვანი ხეობები. მაგრამ სწორედ ამ რთულ პირობებში შექმნეს ადამიანებმა ათასობით წლის წინ გასაოცარი მემკვიდრეობა — მეგალითური ციხე-სიმაგრეები, რომლებიც დღემდე აკვირვებენ მნახველს თავისი მასშტაბებითა და საიდუმლოებით.

ეს ციხეები აგებულია გიგანტური ქვის ბლოკებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ყოველგვარი დუღაბის გარეშეა დაკავშირებული. რამდენიმე მეტრის სისქისა და ხუთ-ექვს მეტრამდე სიმაღლის კედლები, ტერასული პლატფორმები და მრგვალი კოშკები — ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ შემქმნელებს წარმოუდგენელი საინჟინრო უნარები ჰქონდათ.

მეგალითების საკითხი მეტწილად ამოუხსნელი რჩება და პასუხგაუცემელი კითხვების სიმრავლით ხასიათდება. ასე მაგალითად, მეგალითურ ობიექტებთან დაკავშირებულ ტერიტორიებზე არანაირი კულტურული ფენა არ არის აღმოჩენილი: არ არსებობს თიხის, ძვლის ნარჩენების, ნახშირისა თუ სხვა მასალების კვალი, რაც ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე მიუთითებდა. ეს იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ადგილები მუდმივი დასახლებისთვის არ გამოიყენებოდა.

ამჟამად სამეცნიერო ლიტერატურაში არ არსებობს მეგალითების ერთიანი კლასიფიკაცია ან ამ ფენომენის საყოველთაოდ აღიარებული განმარტება, ამიტომ ტერმინ „მეგალითის“ გამოყენება პირობითია. მიუხედავად ამისა, ეს ციხე-სიმაგრეები მხოლოდ მონუმენტური ნაგებობები არ იყო — ისინი ძირითადად თავდაცვით ფუნქციას ასრულებდნენ. უცნობია, ზუსტად რა დანიშნულება ჰქონდათ მათ: წარმოადგენდნენ თუ არა ძალაუფლების ცენტრებს, უხუცესთა მიერ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტ შესაკრებელ ადგილებს, თუ რიტუალურ სივრცეებს. სამწუხაროდ, ამ ადგილების შესახებ ინფორმაცია უკიდურესად შეზღუდულია.

Iran Parskastan - 1

შაორის ციხე-სიმაგრე (eurasia.travel)

საქართველოში ციკლოპური ციხე-სიმაგრეები ერთი მიმართულებით — სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მდებარეობს, თითქოს ისინი ერთი გზის გასწვრივ იყვნენ განლაგებულნი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნუსხის მიხედვით, ჯავახეთში ოფიციალურად ოთხი მეგალითია. ფოკის (ასევე ცნობილი როგორც აბული) ციკლოპური ციხე ძვ.წ. I ათასწლეულით თარიღდება.  საღამოს ციკლოპური ციხე, რომელიც ამავე სახელწოდების ტბასთან მდებარეობს – ადრეული შუა საუკუნეებით. ტონტიო ანუ გორმაღალი, სოფელ ყაურმასთან – ძვ.წ. I ათასწლეულით, ხოლო შაორი -ძვ.წ. I ათასწლეულით.

აღსანიშნავია, რომ აბულისა და შაორის ციხე-სიმაგრეებს დაგეგმარებისა და მშენებლობის პრინციპების თვალსაზრისით გარკვეული მსგავსება გააჩნიათ.

Iran Parskastan - 1

აბულის ციხე-სიმაგრე (წყარო: madloba.info)

დღესაც კი, ამ გიგანტური გალავნების ყურებისას შეუძლებელია არ იგრძნოთ კავშირი ჯავახეთის ათასწლოვან ისტორიასთან. თითოეული ციხე დგას, როგორც მდუმარე მოწმე იმისა, თუ როგორ შეძლეს ამ სტიქიით მოცულ მთიანეთში მცხოვრებმა ადამიანებმა გაერთიანება, მშენებლობა, თავდაცვა და ისეთი კვალის დატოვება, რომელიც ვერც დრომ და ვერც ბუნებრივმა მოვლენებმა ვერ წაშალა. ოთხი მეგალითიდან სამი მდებარეობს სიმაღლეზე, მთებში -საქართველოს უდიდეს ტბებთან, ფარავანსა და საღამოსთან ახლოს. თუმცა, ამ ადგილებამდე მიღწევა მაინც ძალიან რთულია.

ჯავახეთის მკვლევარისა და გიდის, დან ხმალაძის თქმით, ციკლოპური ციხე-სიმაგრეები სხვადასხვა მიზნით იყო აგებული.

Iran Parskastan - 1

აბულის ციხე-სიმაგრე (madloba.info)

„რაც შეეხება შაორს, როგორც ჩვენი მკვლევრები წერენ, ის, ყოველგვარი ალბათობით, რაღაც საკრალური ობიექტია. ის, სავარაუდოდ, იყო სალოცავი ადგილი, მსხვერპლშეწირვის ადგილი — ადგილი, სადაც ადამიანები მედიტირებდნენ და თავიანთ ღვთაებებთან ამყარებდნენ კავშირს. შესაბამისად, იქ მუდმივი დასახლება არ არსებობდა.

რაც შეეხება აბულს, აქ თქმა უფრო რთულია, რადგან ისინი სტრუქტურულად ძალიან განსხვავდებიან. მაშინ როცა შაორი უბრალოდ გალავანია, აბული სრულფასოვანი ციხე-სიმაგრეა საყრდენებით, ანუ დამატებითი გამაგრებებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ნამდვილი ციხე იყო. მის გარშემო კი მთელი დასახლებაა თავისი ქუჩებით, ეზოებითა და ყველა ჩვეული ნაგებობით.

ჯერჯერობით არანაირი კულტურული ფენა არ არის აღმოჩენილი. ვფიქრობ, ის იმიტომ ვერ იპოვეს, რომ ღრმად არ უთხრიათ და ეს ტექნიკურადაც რთულია. ასე რომ, თუკი მათ ვერაფერი იპოვეს, ეს არ ნიშნავს, რომ იქ საერთოდ არაფერია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის იყო ერთგვარი ქალაქი ან თავშესაფარი-ქალაქი, სადაც ადამიანები თავდასხმების დროს ადიოდნენ“, — ჰყვება დან ხმალაძე.

Iran Parskastan - 1

აბულის ციხე-სიმაგრე (madloba.info)

თუმცა, თუკი ფარავნისა და საღამოს ტბების მიმდებარე ციხეები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მეოთხე ციხის შესახებ ხშირად ადგილობრივებმაც კი არ იციან. გორმაღალი (ან ტონტიო), მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ცნობილია, ყოველ შემთხვევაში, შესწავლილი მაინც არის.

„გორმაღალის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ იქ აღმოჩენილია კერამიკის ნამსხვრევები. ასევე ნაპოვნია ადამიანის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების გარკვეული კვალი. ამ აღმოჩენების საფუძველზე, ის ძვ.წ. II–I ათასწლეულებით დაათარიღეს, ანუ გვიანი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანით. როგორც ჩანს, ამ მთაზე რაღაც ქალაქი იყო — ისევე როგორც აბულში. ციხის ცენტრალური, ამაღლებული ნაწილი და მის გარშემო განლაგებული სახლები.

მაგრამ, კვლავაც, მაღალმთიანი მდებარეობა ორ რამეზე მეტყველებს: პირველი — ეს გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ ვრცელი პანორამა, დაინახოთ ვინ მოდის, საიდან, საით და როგორ. შესაბამისად, შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორ იმოქმედოთ შემდგომში. მეორე – ეს არის უსაფრთხოება. სიმაღლეზე თქვენი შემჩნევა არც ისე ადვილია და თქვენამდე მოღწევაც რთულია“, — განმარტავს დანი.

„თუმცა, მაგალითად, აბულის ციხის შიგნით 40-მდე სათავსოა, რომლებიც კედლებსა და საყრდენებზეა მიშენებული. მათგან ბევრი ორ ან სამსართულიანია. დიდი ოთახების სახურავები არ შემორჩენილა, მაგრამ კედლების ზედა ნაწილი, რომელიც ფენებად დაწყობილი და ცენტრისკენ თანდათანობით შევიწროებული ბრტყელი ქვებისგანაა ნაშენი, დარბაზს მოგვაგონებს. აღმოსავლეთით მდებარე ტერასები, სამალავები და გალავნის შიგნით არსებული სასაწყობე ფართები აბულის ციხეს იდუმალებასა და განსაკუთრებულობას სძენს.

რატომ შემორჩა ეს ციხეები დღემდე ამ სეისმურად აქტიურ ზონასა და რთული რელიეფის პირობებში?

მეგალითური ციხეების კვლევები აჩვენებს, რომ თითოეული ბლოკი ისეა შერჩეული, რომ იდეალურად მოერგოს მეზობელ ქვებს. ზოგჯერ ქვები საგანგებოდ ითლებოდა ღრიჭოების მინიმუმამდე დასაყვანად. ერთი ქვის ზეწოლა მეორეზე ნაგებობას უძრავსა და მდგრადს ხდის. თავად გიგანტური ბლოკები უზრუნველყოფენ კედლის სიმტკიცეს. მათი მასა მთელ კონსტრუქციას ერთიანად აკავებს და მიწისძვრების დროსაც კი კედლები ადგილზე რჩება.

მეგალითური კედლები ხშირად ზემოთკენ ვიწროვდება, ქვები კი საფეხურისებრადაა დალაგებული. ეს ფორმა თანაბრად ანაწილებს დატვირთვას, ამცირებს ჩამოშლის რისკს და კედლებს გარეგანი ზემოქმედების მიმართ გამძლეს ხდის. მდგრადობის ასამაღლებლად ზოგჯერ გამოიყენებოდა თაღები და სპეციალური ფორმის ბლოკები.

„მშენებლობისთვის ირჩევდნენ მყარ ქანებს: გრანიტს, ბაზალტსა და ფიქალს. ეს ქანები პრაქტიკულად უვნებელია წვიმის, ქარისა თუ ტემპერატურული მერყეობის მიმართ. მეგალითური სიმაგრეები ხშირად შენდებოდა კლდეებზე ან შემაღლებულ ადგილებზე, სადაც წყალი არ გროვდება და ეროზია მინიმალურია. ასეთი განლაგება დამატებით იცავს კედლებს დაშლისაგან.

შედეგად, მძიმე ლოდების, ზუსტი განლაგების, ყურადღებით დაპროექტებული კედლებისა და სწორად შერჩეული ადგილმდებარეობის კომბინაცია მეგალითურ ციხეებს გამორჩეულს ხდის. ცემენტის გარეშეც კი მათ ათასობით წლის განმავლობაში შეუძლიათ დგომა და კვლავინდებურად გამოცანად რჩებიან თანამედროვე ინჟინრებისა და არქეოლოგებისთვის.

Iran Parskastan - 1

შაორის ციხე-სიმაგრე (eurasia.travel)

თუმცა, მეგალითები არ არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ჯავახეთში არქეოლოგიის მოყვარულებსა და ტურისტებს აინტერესებდეთ, ისეთებს, როგორიც დან ხმალაძეა. მის ინტერესს ჯავახეთში არსებული შეუსწავლელი ყორღანებიც (გორასამარხები) იწვევს.

2019 წელს ჯავახეთში (ასპინძის მუნიციპალიტეტში) საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ აღმოაჩინა ყორღანები და დაახლოებით 5000 წლის წინანდელი არტეფაქტები. გათხრების ადგილზე არის ქვის სიმაგრეთა სისტემის მქონე ძველი ნასახლარის ნანგრევები, სადაც მეცნიერებმა ადამიანის ცხოვრების უწყვეტი კვალი დააფიქსირეს — ადრეული ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე. საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ნაპოვნია რიტუალური ხასიათის არტეფაქტები, მაგალითად, ცხოველთა გამოსახულებიანი ქვის საგნები. ზედა ფენებში აღმოჩნდა კერამიკა და ცხოველთა ფიგურები, რომლებიც დაახლოებით 4000-3500 წლით თარიღდება. სავარაუდოდ, ეს ნივთები რიტუალების შესასრულებლად გამოიყენებოდა.

„რთულია იმის თქმა, თუ საიდან იღებს სათავეს ეს ყორღანული კულტურა. თუმცა, ნაპოვნი ნივთებით თუ ვიმსჯელებთ, ის აქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა — ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში, ანუ დაახლოებით 5000-4000 წლის წინ. ეს იყო ეპოქა, როდესაც ეს კულტურა თანამედროვე კავკასიის ტერიტორიაზე არსებობდა, მათ შორის საქართველოდან სომხეთამდე,“ — ამბობს დან ხმალაძე.

„ვფიქრობ, ეს ფართოდ იყო გავრცელებული, ისევე როგორც დღესაა გავრცელებული ტრადიციული სამარხებში დაკრძალვა. ეს მეთოდი მოვიდა გარკვეული იდეოლოგიით, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ჯერ სომხეთში გავრცელდა, შემდეგ კი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ — საქართველოში, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში, ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად. ამ ახალი იდეოლოგიის გამოჩენასთან ერთად შეიცვალა ადამიანების ცხოვრების წესიც.

ყორღანები (გორასამარხები) ამ კულტურის ნაწილი იყო. და, სხვათა შორის, ისინი გავრცელებულია არა მხოლოდ სამხრეთ საქართველოში, არამედ ბევრია დასავლეთ საქართველოშიც, საჩხერის რაიონში, ისევე როგორც კახეთში“, — ჰყვება დან ხმალაძე.

Iran Parskastan - 1

შაორის ციხე-სიმაგრე (eurasia.travel)

დაკრძალვის ძველ რიტუალებსა და საიდუმლოებებში ჩაღრმავებისას შეუძლებელია არ იფიქრო იმაზე, რომ ეს სამარხები ინახავენ არა მხოლოდ ადამიანის ნეშტს, არამედ სოციალური და რელიგიური რწმენა-წარმოდგენების მთელ სისტემას.

„რთულია იმის თქმა, თუ რატომ იკრძალებოდნენ ადამიანები გორასამარხებში, მაგრამ მათი გარეგნობა, ზომა, გაფორმება და მშენებლობის სირთულე მიანიშნებს, რომ ეს იყო მკაცრი სოციალური სისტემა. ანუ, არსებობდა საძმო საფლავები, სადაც ნაპოვნია რამდენიმე — ხუთი ან ექვსი მიცვალებულის ძვალი, რომლებსაც მთელი ოჯახებით კრძალავდნენ. ასევე არსებობდა სამარხები, სადაც ნამდვილი „სასახლეები“ იყო აგებული ერთი მიცვალებულისთვის.

ასეთ საფლავებში ხშირად გვხვდება მსხვერპლად შეწირული ცხოველების ნაშთები. როგორც წესი, ესენი იყვნენ ხარები, რომლებსაც ის ეტლი მოჰყავდათ, რომელზეც მიცვალებული ესვენა; შემდეგ ამ ხარებს კლავდნენ და სამარხის შიგნით ათავსებდნენ. ნაპოვნია ასევე ხის ჭურჭელი, სამკაულები და ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნივთები. გარდა ამისა, ტოვებდნენ გარკვეულ რიტუალურ საგნებს, მაგალითად, „წრეებს“ და ჭურჭელს, რომელიც, სავარაუდოდ, მიცვალებულს იმქვეყნიურ ცხოვრებაში უნდა გაჰყოლოდა, რათა მას იქ თავი კარგად ეგრძნო“, — განმარტავს გიდი დან ხმალაძე.

ჯავახეთის მეგალითური ძეგლები დღემდე ნაკლებადაა წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურულ ასპარეზზე. ეს იწვევს ამ უნიკალური მემკვიდრეობის განადგურებისა და დაკარგვის საფრთხეს, ტურისტული მიმზიდველობის შემცირებას და ამ ციხე-სიმაგრეების კულტურული ღირებულების სათანადოდ შეუფასებლობას.