„CreditInfo Georgia“-ს 2025 წლის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყოველ მეორე მცხოვრებს ფინანსური სექტორის წინაშე დავალიანება აქვს. იმავე მონაცემებით, მოსახლეობის 10%-ს ვადაგადაცილებული სესხები აქვს.

კერძოდ, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ფინანსური სექტორის წინაშე დავალიანება 1,981,761 მსესხებელს ჰქონდა, რომელთაგან 369,974-ს სესხის გადახდა 30 დღეზე მეტი ხნის დაგვიანებით ჰქონდა. „საქსტატის“ უახლესი მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 3,704,506 ადამიანს შეადგენს.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ვერ ახერხებენ სესხების დაფარვას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1 664-ით გაიზარდა. კერძოდ, „კრედიტინფოს“ (Creditinfo) 2025 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე პირთა რაოდენობამ 369 974 შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის დეკემბერში ე.წ. „შავ სიაში“ 368 310 ადამიანი იყო.

გარდა ამისა, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 95 752 მოვალე კომერციული ბანკების კლიენტი იყო, 302 148 — ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სხვა ფინანსური ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციები), ხოლო 4 664 — სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიების მევალე.

რაც შეეხება თანხებს, ფიზიკური პირების საერთო ვადაგადაცილებული დავალიანება (30 დღეზე მეტი) კომერციული ბანკების მიმართ შეადგენს 1,202 მილიარდ ლარს, ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ — 1,619 მილიარდ ლარს, ხოლო სალიზინგო კომპანიების მიმართ — 33,6 მილიონ ლარს. მთლიანობაში, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე სესხების მოცულობა აჭარბებს 2,859 მილიარდ ლარს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3,8%-ს შეადგენს.