საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სტომატოლოგიური კლინიკები ახალ რეგულაციებს დაექვემდებარებიან.

კერძოდ, ასოციაციის ინფორმაციით, 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის №525 დადგენილება, რომლითაც ავტორიზაციის სისტემაში რეგისტრაციის ახალი მექანიზმი დაინერგა.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის განმარტებით, თუ ადრე სტომატოლოგიური და შიდაპირის (ინტრაორალური) რენტგენოდიაგნოსტიკური აპარატების გამოყენებისთვის საჭირო იყო ლიცენზია, ახალი რეგულაციების თანახმად, აღნიშნული საქმიანობა რეგისტრაციის კატეგორიაში გადავიდა.

რეგისტრაცია გულისხმობს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლებას, რომელსაც მარეგულირებელი ორგანო ფიზიკურ პირს ანიჭებს ადმინისტრაციული წარმოების გზით, რაც შედარებით მარტივ პროცედურასთან არის დაკავშირებული.

სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა უზრუნველყონ მოქმედი სალიცენზიო მოწმობების ჩანაცვლება რეგისტრაციით 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

კლინიკებმა უნდა მიმართონ თავიანთ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც ტექნიკურ მომსახურებას ეწევიან (დოზიმეტრიული კონტროლი, რენტგენის დანადგარების ხარისხის კონტროლი და ა.შ.), რათა უზრუნველყონ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დროული მომზადება.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ ეხება გარეპირის (ექსტრაორალურ) რენტგენოდიაგნოსტიკურ დანადგარებს. სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს პარტნიორ ორგანიზაციებს“, – ნათქვამია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.