ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.

მათი თქმით, 62 ლექტორიდან არცერთი არ ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანებას. ლექტორები მოითხოვენ, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა თავი შეიკავონ ნაჩქარევი, რადიკალური ცვლილებებისგან და დაიწყონ საჯარო განხილვები აკადემიურ საზოგადოებასთან.

„გაცნობებთ, რომ 2026 წლის 31 იანვარს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, ფარული და ანონიმური გამოკითხვისას, ერთხმად გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მიმართ. გამოკითხვაში მონაწილე 62 პროფესორიდან არცერთი არ დაეთანხმა უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას.

როგორც იცით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია — საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყო და მომავალი. ეს არის ადგილი, რომელიც განსაზღვრავს ასობით ათასი ადამიანის პროფესიულ და პიროვნულ მომავალს. ადგილი, სადაც ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართველი ერი.

ამ წერილით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის უბრალოდ დაწესებულება, რომლის მომავალიც მხოლოდ პროცედურულ ან სამართლებრივ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებთაგან მოვითხოვთ:

შეწყდეს ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებით, რაც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს;

დაიწყოს ფართომასშტაბიანი, საჯარო და დასაბუთებული კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფაკულტეტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამოთქვამენ პროტესტს დაგეგმილი ცვლილებების გამო და სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის წინ აქციებს მართავენ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება გადაწყვიტა. ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა- გივი მიქანაძემ განაცხადა.