ახალქალაქი მდიდარია თავისი მრავალფეროვანი სოფლებით და განსაკუთრებით — თითოეულ სოფელთან დაკავშირებული ისტორიებით. ჩვენი სოფლები გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი უნიკალური დიალექტით, არამედ ყურადღებას იპყრობს გამორჩეული სახელწოდებებითა და მათი განმარტებებით.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად არიან თავად ჩვენი სოფლების მაცხოვრებლები ინფორმირებულნი საკუთარი სოფლის სახელწოდების წარმოშობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობას ესაუბრა.
აბული: იმ პერიოდში, როდესაც დასახლება არაბთა მფლობელობაში იყო, სარდალ აბულ ქაზის ძალიან ჰყვარებია აბულის მთაზე ასვლა და მთასაც სახელი მის პატივსაცემად ეწოდა. მოგვიანებით, როდესაც მთის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელი გაშენდა, მასაც მთის სახელი — აბული დაერქვა.
აგანა: სოფლის სახელწოდებაზე ადგილობრივები ასეთ ამბავს ყვებიან: ორ დას ძალიან მოსწყურებია და წყლის ძებნა დაუწყიათ. ერთ-ერთ დას ამ სოფელში წყარო უპოვია და დაუძახია — „აკ“ (სომხურად — სათავე, წყაროს თვალი), სწორედ აქედან წარმოიშვა სოფლის სახელიც, თავდაპირველად — აკანა, შემდეგ კი — აგანა.
აზავრეთი: ამ სოფლის შესახებ ამბობენ, რომ ტერიტორია თავიდან თავისუფალი (დაუსახლებელი) ყოფილა აზატ ვაირ — თავისუფალი ადგილი, ამ იდეიდან ჩამოყალიბდა დროთა განმავლობაში სოფლის სახელწოდებაც.
ალათუმანი: როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, სოფლის სახელწოდება ნიშნავს „წითელ ათიანს“ (სავარაუდოდ, თურქული „ალა“ — ჭრელი/წითელი და „თუმან“ — ათიანი/ფულის ერთეული).
ალასტანი: ალასტანელების წინაპრებს, ერზრუმიდან გადმოსახლებამდე, ტერიტორია წინასწარ შეუსწავლიათ. აქაურობა ყაყაჩოებით დაფარული რომ უნახავთ, დასახლება გადაუწყვეტიათ. სიტყვა „ალ“ ნიშნავს წითელს, ხოლო „ასტანი“ სპარსულიდან ითარგმნება როგორც ზღურბლი. სწორედ ამისგან ჩამოყალიბდა სოფლის სახელი — ალასტანი.
არაგვა: ამ სოფლის სახელში ფუძედ დევს სიტყვა „არაგ“ (სწრაფი). ერთ-ერთი ვერსიით, იგი ნიშნავს „სწრაფად მომდინარე მდინარეს“, თუმცა კონკრეტული მდინარის სახელის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს.
აფნია: მოსახლეობის თქმით, სოფლის სახელი წარმოიშვა ქართული სიტყვებიდან „მარცვლის დაფნევა“. „დაფნევა“ დროთა განმავლობაში გარდაიქმნა „აფნიად“. გადმოცემის თანახმად, სახელი უკავშირდება სოფელში მარცვლოვანი კულტურების დასთესად თესლის მიმოფანტვას.
აზმანა: გავრცელებული ვერსიით, არაბულად ეს სახელი ნიშნავს „დიდს“, რაც შესაძლოა ტერიტორიის სიდიდეს ან რომელიმე გამოჩენილი ადამიანის სიდიადეს უკავშირდებოდეს. სხვა ვერსიით კი, ეს თურქული სიტყვაა და ნიშნავს „ერთ ან ორწლიან კრავს“.
ბალხო: სოფელ ბალხოზე ყვებიან, რომ აქ დასახლებულ ხალხს ბევრი ბლის ხე დაურგავს. ერთხელ გამვლელს უკითხავს: „ბა՛ლ ხო კა?“ (ბალი ხომ არისო?), რისგანაც შემდგომში სოფლის სახელი ჩამოყალიბებულა. სხვა ვერსიით, სიტყვა „პალხო“ ნიშნავს „ქვების გროვას“, თუმცა ამის ენობრივი წარმომავლობა და ფუძეები დაზუსტებული არ არის.
ბავრა: ადგილობრივების თქმით, როდესაც მათი წინაპრები ამ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ, მათთვის უთქვამთ: წადით იქ, სადაც მდინარეა და მის წინ ეკლესიაო. დათქმულ ადგილზე მისულებს ტაძარი ვერ უპოვიათ და უკითხავთ: „ბა ურა?“ (სომხურად — აბა სად არისო?), რისგანაც წარმოიშვა სახელწოდება ბაურა, რაც მოგვიანებით ბავრად გადაკეთდა.
სხვადასხვა სოფლის მკვიდრთა გადმოცემები მოწმობს, რომ ახალქალაქის რაიონის სოფლების სახელწოდებების ეტიმოლოგია ძირითადად ზეპირსიტყვიერი ტრადიციით არის შემონახული და ხშირად რამდენიმე ვერსიას მოიცავს.
Jnews-მა ამ კვირას 10 სოფლის სახელწოდების წარმოშობის შესახებ მოკლე ინფორმაცია გამოყო. ამიერიდან, ყოველ კვირას ეტაპობრივად წარმოგიდგენთ სხვა სოფლების ისტორიებსაც.
თუ ფლობთ ინფორმაციას თქვენი სოფლის სახელის წარმომავლობის შესახებ ან გაინტერესებთ ეს საკითხი და შეგიძლიათ დამატებითი ცნობების გაზიარება, Jnews მზად არის ისინიც ჩართოს და მასალა პერიოდულად განაახლოს.