2025 წელს ვაშლის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20.6 ათასი ტონა ვაშლი გავიდა ექსპორტზე, რასაც თან ახლავს საშუალო საექსპორტო ფასის ზრდაც და 2025 წლის მონაცემებით, 1 კგ-ის ფასმა 0.68 აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, რომელმაც ვაშლის ექსპორტთან დაკავშირებით მცირე მიმოხილვა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ვაშლის 95% რუსეთის ბაზარზე გადის. ასევე, მცირე რაოდენობის ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, სომხეთში, ბელარუსში, ერაყსა და ყაზახეთში.

“ვაშლის ექსპორტის დივერსიფიკაცია აუცილებელია საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნის სტრუქტურული ცვლილებების გათვალისწინებით, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური რისკების შემცირებასთან. არსებული ტენდენციებით, მზარდი წარმოებით, ტექნოლოგიების განვითარებით და ახალი ბაზრების ათვისებით საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა ვაშლის ექსპორტის ზრდის და ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით”, – წერია სამინისტროს მიმოხილვაში.

უწყების განცხადებით, ქართული ვაშლისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულ ბაზრებად განიხილება ახლო აღმოსავლეთი (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ჩრდილოეთ აფრიკა (ეგვიპტე), ინდოეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რაც ექსპორტის დივერსიფიკაციის რეალურ შესაძლებლობას ქმნის.

“საქართველოში წარმოებული ვაშლის ექსპორტის პოტენციურ და რეალურ ბაზრებად შეიძლება
განხილულ იქნას:

საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები – მაღალი იმპორტდამოკიდებულების მქონე ბაზრებია, ადგილობრივი წარმოება შეზღუდულია, მოთხოვნა სტაბილურად მაღალია ხარისხიან, ვიზუალურად მიმზიდველ ვაშლზე. საქართველოს ამ ბაზარზე გააჩნია გეოგრაფიული უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით;

ეგვიპტე – მოსახლეობის მოცულობის და სეზონური დეფიციტის გამო წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორ ქვეყანას, სადაც მოთხოვნა ძირითადად საშუალო ფასის სეგმენტზეა კონცენტრირებული;

ინდოეთი – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იმპორტიორი ბაზარია, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის თვეებში, თუმცა მკაცრი მოთხოვნებია ხარისხობრივი და ფიტოსანიტარული მიმართულებით;

უზბეკეთი და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები – ქვეყნის ცნობადობა მაღალია, სადაც მოთხოვნა იზრდება მოსახლეობის ზრდის ფონზე.

თითოეული სამიზნე ბაზარი საჭიროებს ბიზნესის მხრიდან ინდივიდუალურ და სიღრმისეულ შესწავლას. ექსპორტიორმა კომპანიებმა თავად უნდა განსაზღვრონ მათთვის პრიორიტეტული ბაზრები, დაამყარონ პირდაპირი კომერციული კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან და დეტალურად გაეცნონ ბაზარზე შეღწევის მოთხოვნებს, მათ შორის ფიტოსანიტარულ, ხარისხობრივ, სერტიფიკაციის, ლოჯისტიკურ და საბაჟო რეგულაციებს. თავის მხრივ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ხელშემწყობი გარემოს შექმნას შესაბამისი განვითარების პროგრამების, სავაჭრო ხელშეკრულებების, ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ფიტოსანიტარული სისტემის გაძლიერების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს ქართული ვაშლის წარმატებულ და მდგრად ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებზე” , – წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.