ჩვენში იოგა ფართოდ არის გავრცელებული, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი და იგი მხოლოდ უბრალო ვარჯიშის ფარგლებს სცდება. თუმცა, არის ეს მხოლოდ თანამედროვე მოდის გამოვლინება, თუ მას იდეოლოგიური და სულიერი საფუძვლებიც გააჩნია? საზოგადოებაში კვლავ გრძელდება დისკუსიები იმის შესახებ, არის თუ არა იოგა ანტიქრისტიანული, შეიძლება თუ არა მისი სექტად მიჩნევა და რამდენად თავსებადია იგი ქრისტიანობასთან.
Jnews-მა ეს და სხვა თემები განიხილა რელიგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის, „დიალოგის“ დირექტორთან, ალმასტ მურადიანთან ინტერვიუში, რომელიც ამ საკითხების ვრცელ და დეტალურ მიმოხილვას წარმოადგენს.
— რისგან შეიქმნა სექტანტური ორგანიზაციები და რას წარმოადგენს მათი საქმიანობა?
— მე შევისწავლე სექტები და ვესტუმრე ბევრ სხვადასხვა გაერთიანებას, რომლებიც იმ დროს სომხეთში ახალი გახსნილი იყო. მოდით, გავაანალიზოთ ისტორიული ფონი და გარემოებები. 90-იან წლებში ეკლესია ძალიან სუსტ მდგომარეობაში იყო, ამერიკიდან კი უამრავი რელიგიური ორგანიზაცია შემოვიდა, რომლებიც აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ. მიმაჩნია, რომ ეს ნორმალური მოვლენა იყო — 90-იანი წლების ომიანობის პერიოდში ადამიანი შესაძლოა რომელიმე სექტაში აღმოჩენილიყო.
როდესაც 90-იანებში ეს სტრუქტურები იხსნებოდა, ისინი ძირითადად ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ, რაც იმ დროს არც სომხეთში და არც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, ადამიანებში იყო წყურვილი — მოესმინათ ღმერთზე, წაეკითხათ ბიბლია, დასწრებოდნენ ქადაგებებს და გაეცნოთ სხვა მორწმუნეები. ამის გამო, მათ, ვინც 90-იან წლებში სექტებში აღმოჩნდნენ, ნორმალურ და შეგნებულ ადამიანებად მივიჩნევ ზუსტად იმიტომ, რომ ისინი იმ ქაოსურ პერიოდში სულიერ სტაბილურობას ეძებდნენ.
ისინი, ვინც ნამდვილად ღმერთს ეძებდნენ, უმეტესწილად დიდი ხანია გამოვიდნენ სექტებიდან. როდესაც ეკლესიამ გაძლიერება და ქადაგება დაიწყო, ხალხმა დატოვა სექტები და ეკლესიას დაუბრუნდა.
— დღესაც მრავალი ახალი სექტანტური ორგანიზაცია რეგისტრირდება და ფუნქციონირებს.
— თანამედროვე სექტების სტრუქტურა და ჩართვის (ვერბოვკის) მეთოდები მკვეთრად განსხვავდება 90-იანი წლების სექტებისგან. მაშინდელ მქადაგებლებს მაინც გულწრფელად სჯეროდათ, რომ ღვთის სიტყვას ავრცელებდნენ. დღევანდელი სტრუქტურა სულ სხვაა, განსხვავებულია პროპაგანდისტული მეთოდებიცა და მიზნებიც.
ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აღმოჩნდებიან ხოლმე სექტებში — მაშინ, როდესაც სომხური ეკლესია აქტიურ ქადაგებას ეწევა — ჩემთვის ეს უფრო არჩევანის საკითხია. ეს არის საკუთარი კაპრიზებისა და აღქმების გამო ეკლესიის უარყოფა და სექტაში წასვლა.
— რით არის განპირობებული ამდენი სექტანტური ორგანიზაციის არსებობა და რამდენად მიმზიდველია სექტები?
— თუ სექტას შევადარებთ ტრადიციულ ეკლესიებს — თავისი რიტუალებით, ისტორიით, სილამაზითა და უნიკალურობით — ტრადიციული ეკლესიები ბევრად უფრო მიმზიდველია.
სექტას რომ ეწვიოთ, ნახავთ, რომ იქ მიმზიდველი არაფერია. ისინი ქირაობენ საბჭოთა დროიდან შემორჩენილ, გამოუსადეგარ ძველ შენობებს, საუბრობენ ძალიან მარტივი და პრინციპულად მცდარი ქადაგებებით, რომლებშიც სერიოზული ენობრივი და თეოლოგიური შეცდომებია. მქადაგებლები, როგორც წესი, არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ უმაღლესი ან პროფესიული განათლება და დაკავებულნი არიან უბრალო სოციალური მუშაობით. ამის გამო, ისინი ვერ ახერხებენ მაღალი დონის, სერიოზული, ინტელექტუალურად გამართული ან ენობრივად დახვეწილი ქადაგებების წარმოთქმას.
მუსიკალურ ჯგუფებსაც არ აქვთ პროფესიული განათლება; სიმღერები ხშირად პრიმიტიული ტონალობისაა და დაბალი მუსიკალური გემოვნებით გამოირჩევა. ასე რომ, მცდარია მოსაზრება, თითქოს სექტა მიმზიდველია სილამაზით ან ხელოვნებით.
— რა მიზეზებით შეიძლება ადამიანი სექტანტურ ორგანიზაციაში მოხვდეს?
— ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სექტანტურ ოჯახში დაბადება. ხშირ შემთხვევაში სექტაში ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური ან სოციალური პრობლემები. პირველივე ჯგუფი, რომელიც მზად არის მოუსმინოს მათ და მხარდაჭერა აღმოუჩინოს, ხდება სექტა. სექტაში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდნენ და მათ მიმზიდველობას ხშირად კავშირი არ აქვს რეალურ მიზეზებთან.
ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა მხოლოდ პროფესიონალ ფსიქოლოგს შეუძლია, თუმცა სექტა ქმნის ერთგვარ ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომფორტს, სადაც ადამიანმა შეიძლება თავი კარგად იგრძნოს. სინამდვილეში, პირი, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, სექტაში გამოსავალს ვერ იპოვის; პირიქით, სექტა თავად ხდება ხშირად ახალი პრობლემების წყარო.
— შესაძლებელია, რომ ადამიანი ტრადიციულ ეკლესიაში ვერ პოულობდეს პასუხს თავის კითხვაზე და ავტომატურად პოულობდეს მას სექტაში?
— სექტაში კითხვები არ არსებობს. მას აქვს დოგმატური სტრუქტურა და ტრადიციული ეკლესიისგან იმით განსხვავდება, რომ არასდროს წარმოშობს კითხვებს. ყველა კითხვაზე არსებობს ავტომატური პასუხები, რომლებიც ლიდერის აზრზეა დაფუძნებული. თუ კითხვები ჩნდება, მათზე გაცემულია მკაფიო პასუხები. ადამიანებს გარს ახვევენ ადვილად მოსასმენ პასუხებს და ხშირად, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებით, აიძულებენ ამ წესებით ცხოვრებას.
— სექტანტური ორგანიზაციების წევრები საკმაოდ კეთილდღეობით ცხოვრობენ და აღზრდილებიც არიან; ეს გარემოება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან.
— სექტა თავისთავად ვერ შეიცავს ჭეშმარიტებას. მას შეიძლება ჰქონდეს მოჩვენებითი გარეგნული წესიერება, მაგალითად: მისდევდნენ გარკვეულ მორალურ კანონებს — არ მოწიონ, არ დალიონ, ერთმანეთს ზრდილობიანად ელაპარაკონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ადამიანის აღზრდას სიღრმისეული გაგებით, რადგან ასეთი აღზრდა მიმბაძველობითია: „ჩვენს ჯგუფში ასე ვიქცევით“.
ნამდვილი აღზრდა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ამ თვისებებს ავლენს არა მხოლოდ იმ ჯგუფში, სადაც მკაცრი წესებია, არამედ ყველგან, მიუხედავად იმისა, ხედავს მას ვინმე თუ არა. სწორედ ეს არის განსხვავება სექტასთან.
ხშირად მინახავს, რომ სექტის შიგნით ადამიანები ძალიან ახლობლურად, კეთილგანწყობილად, შემწყნარებლურად და სიყვარულით საუბრობენ, მაგრამ იგივე ადამიანი ჯგუფის გარეთ, სადაც მას არავინ აკონტროლებს, ხდება აგრესიული, უზრდელი და სხვების მიმართ შეუწყნარებელი.
მორალურ-დამრიგებლობითი მსგავსებები ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ყველა რელიგია ერთმანეთს ჰგავს. მსგავსი პარალელების გავლება შეიძლება კომუნიზმსა და ქრისტიანობას შორისაც: კომუნიზმს აქვს სერიოზული მორალური ლოზუნგები, მაგრამ ეს ლოზუნგები ადამიანის სულის ცხონების მიზანს არ ემსახურება.
— რას წარმოადგენს იოგა თავისთავად — სექტას თუ მოძღვრებას?
— იოგა ცალსახად მოძღვრებაა და ამაზე დავა შეუძლებელია. ნებისმიერ რელიგიას თუ მოძღვრებას აქვს თავისი მოძრაობები, ჟესტები და სხეულის მდგომარეობები. მაგალითად, ქრისტიანობაში ლოცვისას პირჯვარს ვიწერთ, მუხლს ვიყრით და თავს ვიხრით. იოგაშიც სხეულის მოძრაობები პირდაპირ არის დაკავშირებული რწმენასა და მოძღვრებასთან. ანუ, ყველა მოძრაობა გამომდინარეობს იქიდან, თუ რისი გვწამს.
იოგა, სექტისგან განსხვავებით, თავისი მთლიანი მოძღვრებითა და დოგმატიკით ქრისტიანობის საწინააღმდეგოა. მოკლედ გეტყვით, რატომ არის იოგა ანტიქრისტიანული:
იოგას საფუძვლად უდევს პანთეიზმი (უფრო ზუსტად — მონისტური პანთეიზმი). ეს ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ — ყველაფერი ღმერთია და ყველაფერი ჩვენს გარშემო ასევე ღმერთია. ქრისტიანობაში ასე არ არის. აქ ღმერთი პიროვნულია — წმინდა სამება, ხოლო ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში არსებობს მოვლენები, რომლებიც იოგასთან შედარებით ანტიღვთიურია.
რატომ არ შეიძლება ქრისტიანისთვის იოგათი დაკავება? იმიტომ, რომ ის დაიწყებს ცხოვრებას სამყაროში, სადაც ყველაფერი ღმერთია, მაშასადამე ბოროტება არ არსებობს და ის მხოლოდ სიკეთეს ემსახურება. ამ დროს მისი სულიერი საზღვრები ღიაა და იქ თავისუფლად შეუძლია შევიდეს ბოროტი ძალა.
ადამიანს, რომელსაც სურს გაღრმავდეს ქრისტიანობაში, უნდა მიჰყვეს ქრისტეს გზას, მიიღოს თავისი ცხოვრების მისია და მას არ ეძლევა რეკომენდაცია, დაკავდეს იოგათი.
— ბევრი დღეს თავისუფლად ათავსებს ერთმანეთთან იოგასა და ქრისტიანობას.
— მთელი ილუზია, თითქოს იოგა და ქრისტიანობა თავსებადია, მომდინარეობს იდეიდან — „ღმერთი ერთია“. მაგრამ ეს ასე არ არის. იოგას საფუძვლად მდებარე მოძღვრებაში ყველაფერი ღმერთია, მათ შორის — ადამიანიც. ამიტომაც, ადამიანი მედიტაციისას აღწევს იმ წერტილს, სადაც პოულობს სიმშვიდეს, თითქოს უკვე მიაღწია ღვთაებრიობის დონეს და კონცენტრირდება საკუთარ „ღვთაებრიობაზე“.
ქრისტიანობაში ღმერთი პიროვნულია. როდესაც ჩვენ ღმერთს ვესაუბრებით, ჩვენ ვესაუბრებით პიროვნებას და არა საკუთარ თავს (საკუთარ იდენტობას). მხოლოდ ქრისტიანობაში განკაცდა ღმერთი და გვაჩვენა, როგორი შეიძლება იყოს ადამიანური ბუნება და რა გზით შეგვიძლია ვიაროთ. ეს გზა შეიცავს განსაცდელებსა და სირთულეებს. იგი განსხვავდება იოგასგან, სადაც არსებობს „ნირვანა“ — საბოლოო სიმშვიდის წერტილი, მაშინ როდესაც ქრისტიანული გზა სიმშვიდის მიღწევასა და გადარჩენას სულ სხვა პრინციპებით ხედავს.
— რატომ არის დღეს იოგა ასე გავრცელებული?
— იმიტომ, რომ ის იძლევა ყველა იმ პასუხს, რომელსაც დღეს ადამიანი ეძებს: როგორ მიაღწიოს წარმატებას, როგორ მოიპოვოს სიმშვიდე. ეკლესია კი პოპულიზმს არ მისდევს.
ბევრი იოგას წრე იხსნება იმის გამოც, რომ უამრავი იოგისტი გადის გადამზადებას და მათ სჭირდებათ მუშაობა. სამწუხაროდ, სპორტულ დარბაზებში იხსნება სხვადასხვა დასახელების იოგას ჯგუფები, მაგალითად, „ანტიგრავიტაციული იოგა“. არსებობს წარმოუდგენელი მოვლენებიც კი, როგორიცაა „საბავშვო იოგა“ — ბავშვების დაკავება მსგავსი გაჭიმვებით საერთოდ დაუშვებელია. კლასიკური გაგებით, საბავშვო იოგა არასდროს არსებულა; ამით მხოლოდ ის ზრდასრული ინტელექტუალები კავდებოდნენ, რომლებიც, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, „სულიერი ცხოვრებით“ ცხოვრობდნენ.
ძირითადად იოგას უფრო ვარჯიშად წარმოაჩენენ ხოლმე, ვიდრე მოძღვრებად.
— იოგა სხვა სპორტის სახეობებს რომ შევადაროთ, დავინახავთ, რომ ნებისმიერი სპორტი სერიოზულ მომზადებას მოითხოვს. მაგალითად, თქვენ ვერ ასწავლით ფიტნესს, თუ არ გაქვთ გარკვეული წინასწარი მომზადება, თუ არ იცით ანატომია, ბიოლოგია, თუ არ გაქვთ პირადი გამოცდილება და პროფესიული განათლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გქონდეთ დამთავრებული ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გახდება მწვრთნელი და ვერ ასწავლის თუნდაც ტანვარჯიშს ან სხვა სპორტულ დისციპლინას.
იოგა კი, ამის საპირისპიროდ, არავითარ პროფესიულ მომზადებას არ მოითხოვს. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად პროფესიისა, შეუძლია გაიაროს იოგას სამ ან ექვსთვიანი კურსები, გამოაცხადოს თავი ინსტრუქტორად, გახსნას წრე, შემოიკრიბოს მიმდევრები და ფული გამოიმუშაოს.
ამით იოგა, ერთი მხრივ, ამარტივებს მუშაობის დაწყებას, მაგრამ, მეორე მხრივ, დიდ საფრთხეს უქმნის ფიზიკურ ჯანმრთელობას. იმ პირსაც კი, რომელსაც არ აქვს ფიზიკური პრობლემები, შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან არაპროფესიონალის ხელმძღვანელობით შესრულებულმა გაჭიმვებმა შესაძლოა დააზიანოს როგორც ხერხემალი, ისე კუნთები და შელახოს ადამიანის საერთო მდგომარეობა.
კლასიკური სპორტის არცერთი წარმომადგენელი არ მიიჩნევს იოგას სპორტის სახეობად და არ აღიარებს, რომ იგი სხეულის ჩამოყალიბების ან გაჯანსაღების სისტემას წარმოადგენს. როგორი მარკეტინგული ხრიკებიც უნდა გამოვიყენოთ, იოგა მთლიანად დაკავშირებულია სულიერ სიბრძნესთან, ხილვებსა და სულიერ გზავნილებთან. ანუ, იოგა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც სპორტის სახეობა და შეუძლებელია იმის დაშვება, რომ თუ ადამიანი იოგაზე დადის, იგი სპორტით ან ჯანსაღი ცხოვრების წესით არის დაკავებული.
— შესაძლებელია თუ არა იოგათი რომელიმე დაავადების განკურნება?
— გარდა იმისა, რომ იოგა არ კურნავს დაავადებებს, ამერიკული და ევროპული სამედიცინო დაწესებულებების კვლევები აჩვენებს — და ბოლო 25–30 წელია ამაზე განგაშსაც ტეხენ — რომ იოგამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. მოუმზადებელი ადამიანი იოგათი ვერ დაკავდება.
ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება: იოგას ძირითადი კომპონენტი სუნთქვაა. იოგათი დაკავება მხოლოდ სუფთა ჰაერზეა რეკომენდებული, მაგალითად: მთის მწვერვალზე, ტყეში ან ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის სისუფთავე მაღალ დონეზეა.
იოგათი დაკავება დახურულ სივრცეებში, სპორტულ დარბაზებში, სადაც 10–15 ადამიანია შეკრებილი და სხვების მიერ ამოსუნთქული ჰაერით სუნთქავენ, საერთოდ არ შეესაბამება იოგას პრინციპებს. ამან შესაძლოა დააზიანოს ადამიანის ფილტვები, ფიზიკური ჯანმრთელობა და გონებრივი შესაძლებლობებიც კი.
— შეიძლება თუ არა იოგა მარკეტინგის ინსტრუმენტად მივიჩნიოთ?
— ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს თავისი „ხისტი“ და „რბილი“ პოლიტიკის ინსტრუმენტები. ინდოეთის რბილი პოლიტიკის ერთ-ერთი ასეთი იარაღი იოგას კულტურაა, რომელიც მოიცავს ვარჯიშებს — ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის, კვებას — ჯანსაღი რაციონისთვის, ხოლო სულიერ და სოციალურ კომუნიკაციას — ჯანსაღი სულიერი კულტურისთვის.
იოგას, როგორც რბილი ძალის ინსტრუმენტის მსოფლიოში გასავრცელებლად და ინდოეთის მიმზიდველობის ასამაღლებლად, ფართო პოლიტიკური სტრატეგია ხორციელდება. ინდოეთში არსებობს სპეციალური იოგას სამინისტროც კი, რომელიც თავის ყოველწლიურ სტრატეგიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმრის მიღებასა და მათ იოგას მასწავლებლებად გადამზადებას ითვალისწინებს. ადამიანები მონაწილეობენ 3–6 თვიან პროგრამებში, იღებენ სერტიფიკატს და ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში იოგას წრეების დასაფუძნებლად.
თუ დავაკვირდებით იმ ადამიანებს, რომლებიც იოგაზე დადიან, ცხადი გახდება, რომ ისინი იქ მხოლოდ ვარჯიშისთვის არ მიდიან; ჯანსაღი ცხოვრების წესის ბაზარი დიდი ხანია შეიცვალა. იოგას მეშვეობით იქმნება მთელი მარკეტინგული სისტემა, რომელიც მოიცავს გამაჯანსაღებელ კვებას, ჩაისა და სასმელებს, სპორტულ ტანსაცმელს, იოგასთვის განკუთვნილ არომატულ საშუალებებს, სპეციალურ ტკბილეულსა და სულიერი კულტურის აქსესუარებს, რომლებსაც იოგას მასწავლებლები ყიდიან კიდეც. როდესაც ადამიანი იოგაზე მიდის, იგი ყიდულობს თავის მოვლის, კვებისა და ტანსაცმლის მთელ კომპლექტს, რაშიც სოლიდურ თანხას ხარჯავს.
ამგვარად ვითარდება ინდოეთის იოგას ბაზარი, რომელიც სანელებლებსა და სხვა ნივთებსაც მოიცავს. მაგალითად, არსებობს სავარჯიშო ხალიჩები, რომლებიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ მათზე იოგას ლოგოს დატანა გაყიდვებს საგრძნობლად აჩქარებს. სწორედ ეს არის იოგას მარკეტინგული მიმზიდველობა.
ავტორი-ჰნაზიკ ავეტისიან