გასული კვირის განმავლობაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მდებარე არაერთ ბიზნესცენტრში ჩატარდა შემოწმებები წყლის კანონიერი მიერთებების კონტროლის მიზნით. შემოწმების შედეგად გაიცა მითითებები გარკვეული ცვლილებების განხორციელების შესახებ, რათა სისტემა შესაბამისობაში მოვიდეს მოქმედ სტანდარტებთან, რომელთაგან ერთ-ერთი წყლის მრიცხველის სავალდებულო მონტაჟია.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ყველა ბიზნესობიექტს სავალდებულო წესით უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური მრიცხველი, ხოლო ყოველთვიური გადასახადი მრიცხველის ჩვენების მიხედვით დაირიცხება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესის არაერთმა მფლობელმა მიმართა ახალქალაქის მერიას მხარდაჭერის თხოვნით. ისინი აღნიშნავენ, რომ დადგენილი ტარიფები მაღალია. გარდა ამისა, მეწარმეები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ახალქალაქში ზამთრის პერიოდში წყლის გაყინვა გარდაუვალია, მრიცხველების დაყენების შემდეგ კი წყლის მთელი დღის განმავლობაში ღიად დატოვება (გაყინვის თავიდან ასაცილებლად) მათთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად იქცევა.

Jnews ესაუბრა სხვადასხვა ბიზნესის მფლობელებს, რათა გაერკვია მათი ძირითადი საწუხარი და გაეგო, არსებობს თუ არა პრობლემის გადაჭრის გზები. მათი თქმით, მერიაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ არც ტარიფებთან და არც სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით. ამავდროულად, მერიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სრულად ესმით მოსახლეობის წუხილი და ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე მათთან დაკავშირებას დაჰპირდნენ.

როგორც ბიზნესის მფლობელებთან საუბრიდან ირკვევა, პრობლემა იმდენად მრიცხველების დამონტაჟებაში არ არის, რამდენადაც დადგენილ ტარიფებში. ახალქალაქელი მეწარმეები ხაზს უსვამენ, რომ თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის ზამთრის პირობები ერთნაირი არ არის, შესაბამისად, პირობებიც განსხვავებული უნდა იყოს.

„თუ მრიცხველებს დააყენებენ, ისეთი მისაღები ფასი დააწესონ, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელი იქნება. ხომ იცით, ჩვენთან არსებული ყინვები რა პრობლემებს ქმნის? ჩვენს რეგიონში სიცივე გვაიძულებს, რომ წყალი მთელი დღე მოედინებოდეს, რათა არ გაიყინოს“, — ამბობს ერთ-ერთი ბიზნესმენი.

სხვა ბიზნესის მფლობელი კი აღნიშნავს:

„ვაპირებ ბიზნესის გაგრძელებას, მაგრამ მრიცხველის დაყენების შემდეგ, თუ თვეში 500-600 ლარის გადახდა მომიწევს წყალში, ეს ჩემს საქმიანობაზე დიდ გავლენას იქონიებს. თუ შემოსავალი მცირე იქნება, იძულებული გავხდები ბიზნესი დავხურო“.

ახალქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები გაურკვევლობაში იმყოფებიან და სხვადასხვა კომპეტენტურ უწყებას მიმართავენ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად.

ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც წყალგაყვანილობის მილები უკვე საკუთარი სახსრებით გაიყვანა და მხოლოდ წყლის მრიცხველის დამონტაჟება სურს, კითხვით მიმართა Jnews-ს, რათა გაერკვია, რა მოცულობის გადასახადია გათვალისწინებული ასეთ შემთხვევაში.

ჩვენი ინფორმაციით, ნებისმიერი ახალი აბონენტისთვის, მიუხედავად იმისა, წყალგაყვანილობის მილები ახლახან დამონტაჟდა თუ საერთოდ არ არსებობს, წყლის მრიცხველთან მიერთების ტარიფი ერთნაირია.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბონენტებისადმი გაგზავნილ წერილში განმარტავს, რომ მომსახურების ღირებულება განსხვავებულია თვითმმართველი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის მიხედვით, ასევე დამოკიდებულია მილის დიამეტრის ზომაზე.

მაგალითად, სტანდარტული, 25–32 მმ დიამეტრის მილის შემთხვევაში, მომსახურების ღირებულება შეადგენს 1200 ლარს.

Jnews-მა უფრო ადრე წერილობითი განცხადებით მიმართა წყალმომარაგების სააგენტოს, რათა გაერკვია ტარიფები, თუ რა ითვლება კანონიერ ან უკანონო მიერთებად, როგორ დარეგულირდება საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც აბონენტის ტერიტორიის მახლობლად არ არსებობს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, და ასევე, რა ჯარიმები ან პასუხისმგებლობაა დადგენილი იმ აბონენტებისთვის, რომლებიც არ გაითვალისწინებენ წარდგენილ რეკომენდაციებს.

დღემდე ჩვენს წერილზე პასუხი არ მიგვიღია. პასუხის მიღებისთანავე Jnews-ი მას აუცილებლად გამოაქვეყნებს.

ამრიგად, საკითხი კვლავ ღიად რჩება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები კონკრეტულ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს ელიან.

დავძენთ, რომ აბონენტად გახდომისთვის აუცილებელია მიმართოთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვისცენტრს. Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქში მრიცხველის დასამონტაჟებლად უკვე 10-მა ახალმა აბონენტმა წარადგინა განაცხადი.