29 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საქალაქო გზებისა და ტროტუარების არასრულფასოვანი გაწმენდის პრობლემა განიხილეს. მერიაში აღნიშნეს, რომ მომავალი წლისთვის ამ საკითხისადმი ახალი მიდგომა იგეგმება.
საკრებულოს სხდომას როგორც დეპუტატები, ისე მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „კითხვა-პასუხის“ ბლოკის დროს, მმართველი პარტიის დეპუტატმა, კარო პალოიანმა მერიის წარმომადგენლებს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ქალაქის მეორეხარისხოვანი გზების თოვლისა და ყინულისგან გაწმენდა.
„ყველა მეორეხარისხოვან გზაზე ყინულია. ხალხი გარეთ ვერ გამოდის, ეცემიან და საავადმყოფოში ხელ-ფეხის მოტეხილობით ხვდებიან. არ შეგვიძლია ამ გზებზე მაინც დავაყაროთ მარილი? ყველა გზა მოყინულია“, — განაცხადა მან.
კიდევ ერთმა დეპუტატმა პარტიიდან „ქართული ოცნება“, ნვერ მოსოიანმა, დასვა კითხვა: „რატომ არ განიხილება გზების გაწმენდის ვარიანტი?“
ამაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა, უპასუხა: „ჩვენ განვიხილავთ გზების გაწმენდის პროგრამას, რომელიც ქალაქიდან თოვლის გატანასაც ითვალისწინებს, თუმცა ეს მომავალი წლიდან იქნება. ეს კომპლექსური პროგრამაა“.
გარდა შიდა გზების გაწმენდისა, განიხილეს სოფლის გზების გაწმენდის თემაც. ამასთან, დეპუტატებმა მოიყვანეს მაგალითი იმისა, რომ დიდი ტექნიკა ვერ ახერხებს ვიწრო ქუჩების გაწმენდას, ხოლო JCB ტიპის ტრაქტორი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ჰყავს, ასეთ პირობებში ერთ სოფელს ძალიან დიდხანს მოუნდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Jnews-ი წერდა სტატიას მოსახლეობისთვის გზებისა და ტროტუარების გაუვალობის შესახებ. კოლაფსი ყოველი უხვი ნალექის შემდეგ ხდება. მცხოვრებლები ტროტუარებზე ისე გადაადგილდებიან, როგორც საციგურაო მოედანზე და დაცემისა თუ მოტეხილობების ეშინიათ.
ზამთრის პერიოდში, როდესაც ახალქალაქში დიდი რაოდენობით თოვლი მოდის, ფეხით მოსიარულეებისთვის ქუჩებში გადაადგილება დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტოლფასი ხდება. ეს პრობლემა წლიდან წლამდე უცვლელი რჩება. ყოველ წელს მცხოვრებლები, რომლებიც ქალაქში გადაადგილებისას ეცემიან და წვალობენ, ჩივიან, თუმცა სიტუაცია ყოველწლიურად მეორდება. ექიმების თქმით, ბოლო პერიოდში კიდურების მოტეხილობით პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.