საქართველოში თამბაქოს შეძენაზე სამუდამო აკრძალვის დაწესება შესთავაზეს, თუმცა ეს ღონისძიება ჯერჯერობით მხოლოდ 2015 წლის შემდეგ დაბადებული პირებისთვის განიხილება.

აღნიშნული ინიციატივით „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ გამოვიდა. ისინი ასევე სთავაზობენ ხელისუფლებას, თამბაქოს შეძენის მინიმალური ასაკი 18-დან 21 წლამდე გაიზარდოს და გამკაცრდეს ჯარიმები დახურულ სივრცეებში მოწევისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ მოსახლეობის 75% ამ ზომებს მხარს უჭერს.

ორგანიზაციის აღნიშნავს, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება ბოლო ათწლეულში 33%-დან 24%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად მაღალია ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე. მიზანია ქვეყანა თამბაქოსგან თავისუფალი გახდეს, სადაც მოსახლეობის 5%-ზე ნაკლები იქნება მომხმარებელი.

„ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნაადრევი სიკვდილიანობით გამოწვეული კატასტროფული ფინანსური და დემოგრაფიული ტვირთის შესამცირებლად. თამბაქოს მიერ მიყენებული ზიანი 10-ჯერ აღემატება სექტორის მიერ ბიუჯეტში გადახდილ გადასახადებს“, — წერს „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“.

2025 წლის 1 აპრილიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით არის ნებადართული. მათ აღარ აქვთ ლოგოები და დატანილია მხოლოდ ბრენდის დასახელება სახელმწიფო ენაზე, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მწარმოებელი ქვეყანა და გაფრთხილება მოწევის საფრთხეების შესახებ.